fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში
საახალწლო ღონისძიება გაიმართა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულმა
საახალწლო ღონისძიებებმა, „ახალი წლის დღეები საქართველოში“, სტარტი ქვემო
ქართლის რეგიონში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აიღო.
მთელი დღის განმავლობაში, ქალაქ ბოლნისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოსულ
სტუმრებს საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა, ანიმატორები დახვდათ. ბავშვებისთვის მოეწყო სივრცეები,
წარმოდგენები, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრები დაურიგა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო საკარნავალო მსვლელობა. დღის ბოლოს კი
დათუნა სირბილაძის, ანი კეკუას, თიკა მახალდიანის, რუსა მორჩილაძის, ნოდარიკო
ხუციშვილისა და ბენდის მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სადღესასწაულო დღე
გრანდიოზული ფოირვერკით დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებაზე მოქალაქეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა მიმართა, მათ შობა-ახალი წელი მიულოცა და საქართველოს პრემიერ-
მინისტრს ბოლნისში გამართული ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.
,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამდეგ შობა-ახალ წელს ბოლნისი
სადღესასწაულო განწყობით ხვდება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან ახალი წლის
აღსანიშნავად არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა, ეს ლამაზი დღე კი
გრანდიოზული კონცერტით დაგვირგვინდა. მსურს, პრემიერ-მინისტრს, ამ საახალწლო
ღონისძიებისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს,
2023 წელს თითოეული ჩვენგანისთვის, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა მოეტანოს“,-
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება