საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სრულიად საქართველოს 26 მაისი მიულოცა; თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა 700-მდე ახალწვეულის სამხედრო ფიცი ჩაიბარა.
საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარდმომადგენლები დაესწრნენ.
მიხეილ ყაველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 26 მაისი არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო.
„ზუსტად 107 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას.
უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია – ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი. სწორედ ამ იდეისთვის, მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. მისი თქმით, ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას, საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რომელთათვისაც სწორედ სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა გულისხმობდა ევროპულ ღირებულებებს.
„მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ქართველი ერის სიძლიერის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი, გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.
„ქართველმა ხალხმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას.
ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება, საქართველოს წარმატების ტოლფასია. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს წარმატება უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატება,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
სიტყვის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე. მისი თქმით, საქართველო საბოლოოდ სწორედ მაშინ გაიმარჯვებს, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისათვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად თბილისსა და ქვეყნის 10 რეგიონში ერთდროულად გაიმართა. მანამდე კი, ღონისძიების მონაწილეებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.