fbpx

საქართველოს პარლამენტმა დავით ნარმანია სემეკის წევრის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩია


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, დავით ნარმანია და გივი სანიკიძე აირჩია.
დავით ნარმანია პირველი ვადით, 6 წლით, საქართველოს პარლამენტმა სემეკის წევრის პოზიციაზე 2017 წელს აირჩია და 2019 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სემეკს. რაც შეეხება გივი სანიკიძეს, იგი პირველი ვადით დაიკავებს სემეკის წევრის პოზიციას.
კომისიის წევრების ვაკანტურ პოზიციებზე, 6 წლით, დავით ნარმანიას და გივი სანიკიძის კანდიდატურები შეირჩა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იგივე პირი კომისიის წევრის პოზიციაზე შეიძლება აირჩეს ორი ვადით. სემეკის თავმჯდომარე ირჩევა კომისიის წევრების შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით, არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევის რაოდენობა შეზღუდული არ არის.
დავით ნარმანიას პირველი ვადით სემეკის თავმჯდომარეობის პერიოდში სემეკს მიენიჭა ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა სხვადასხვა პროექტი გამარტივებული კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, დაინერგა სემეკის თანამშრომელთა შეფასების სისტემა, ხელი შეეწყო საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებას.
დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი, დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში. 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას, 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი, 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე, 2004-2005 წლებში იკავებდა „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2001-2003 წლებში საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში.
გივი სანიკიძეს მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, მაგისტრის ხარისხები ფინანსებსა და კრედიტებში, ასევე ეკონომიკაში, არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი სემეკში საქმიანობს 2011 წლიდან – იყო სემეკის ფინანსური ანალიზის სამმართველოს უფროსი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტს. გივი სანიკიძე აქტიურად არის ჩართული სემეკის სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავებასა და რეგულირებად სექტორებში სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრაში, მისი ხელმძღვანელობით ყოველწლიურად ხორციელდებოდა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი რეგულირებული კომპანიების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და ტარიფების გაანგარიშების პროცესი. გივი სანიკიძე არის მოწვეული ლექტორი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში. 2012 წლამდე, სხვადასხვა პერიოდში, იგი საქმიანობდა შპს „ვარციხე 2005“-ში, იყო „საქართველოს ბანკის“ ფოთის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელი, „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ანგარიშთა მმართველი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება