მიხეილ სარჯველაძემ, ასოცირების შესახებ შეთანხმებით
გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა როგორც შრომის უფლებების დაცვის, ისე დასაქმების
ხელშეწყობის კუთხით. შეიქმნა შრომის ინსპექციის სამსახური და დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
„ამ რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო
ევროინტეგრაციისაკენ, რაზეც მუშაობასაც დღესაც აგრძელებს ქვეყანა, რათა უფრო
მეტად დახვეწოს აღნიშნული სისტემები და კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდეს
ევროპულ სტანდარტს,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა, ბოლო პერიოდში, გატარებულ კონკრეტულ რეფორმებსა და ცვლილებებზეც
ისაუბრა. აღნიშნა, რომ ხელი მოეწერა „ქვეყნის ღირსეული შრომის პროგრამას“ (Country
Decent Work Programme) სამინისტროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და
სამმხრივ პარტნიორებს შორის, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია
ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და
ევროპული სტანდარტების დანერგვისაკენ; შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობისა და
შრომის პოლიტიკის 2025-2029 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
(2025 – 2027); 2023 წლიდან, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის პროგრამის
ფარგლებში, დაიწყო შრომის ბაზრის მართვის ახალი ელექტრონული სისტემის
განვითარება – „Worknet“, რომლის ძირითადი მოდულები 2025 წლიდან პილოტურ
რეჟიმში ამუშავდება; შეიქმნა შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) რეგულირების,
მონიტორინგისა და აღსრულების ახალი მექანიზმები.
მინისტრმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ
გრძელდება მუშაობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური
მოდელის დანერგვის საკითხზე, რაზეც სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას
ამახვილებს; დასრულდა მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის
დეინსტიტუციონალიზაცია – პანსიონატის ბენეფიციარები, მცირე საოჯახო ტიპის
სახლებში განაგრძობენ ცხოვრებას; ხანდაზმულთა და შშმ პირთა
ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი
ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის
მომსახურებები, რომლის დანერგვა სამინისტრომ დაიწყო, გეოგრაფიული გაფართოების
მიზნით კი მოხდა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის
სერვისის მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირება. მინისტრმა აღნიშნა, რომ
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია მუნიციპალიტეტებთან იმისათვის რომ სწორად
ფუნქციონირებდეს პროგრამა.