fbpx

საქართველოს მოსახლეობის სწორი პოლიტიკა შეუშლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წარმატებით განხორციელებას-ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე წერს-

შიმშილობიდან” სახელმწიფო გადატრიალებამდე დღეს საქართველოში ყველაზე განხილვადი თემაა სააკაშვილის შიმშილობა და მასზე მიბმული ხელისუფლების არაკონსტიტუციური (ძალადობრივი) გზით ცვლილების პერსპექტივა. მართალია, ძალაუფლების ხელში ჩაგდების ამ ნაცად და საოცნებო გზას ნაციონალური მოძრაობა ლამაზი სიტყვებით ფუთავს და ხან ხალხის ნების გამოხატვას, ხან მიტაცებული ხელისუფლების უკან დაბრუნებას და ხანაც მშვიდობიან რევოლუციას უწოდებს, მაგრამ სახელის შეცვლით განზრახვის და ქმედების არსი არ იცვლება. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ საქართველოში ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული დღემდე ძალაუფლების მოპოვების არაკონსტიტუციური (ძალადობრივი) გზა ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული და ლეგიტიმურია, რაც სრულიად არასწორი წარმოდგენაა. თუ გავიხსენებთ 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან აზვირთებულ ეროვნულ მოძრაობას, დავინახავთ, რომ ის იგი თავისუფალი იყო ძალადობრივი ელემენტებისგან. პიკზე ასული ეროვნული მოძრაობის დროს 1989 წლის 9 აპრილს ძალადობა მოხდა სწორედ ეროვნული მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ეროვნულ მოძრაობას არ მიუმართავს ძალადობრივი გზებისთვის, ფიზიკურად დაპირისპირებისთვის არც ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურებთან და არც კონკრეტულად ამ სტრუქტურების წარმომადგენელ პიროვნებებთან. უფრო მეტიც, იმისათვის რომ არ გასულიყო კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, ეროვნულმა მოძრაობამ 9 აპრილის დარბევიდან 1 წლის შემდეგ სწორედ საბჭოთა ხელისუფლების მიერ, საბჭოთა კანონმდებლობით დანიშნულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.რუსეთის ინტერესი მუდამ იყო განხეთქილების მიღწევა ქართველებს შორის, მაგრამ გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მიუხედავად მის მიმართ ოპოზიციის მწვავე ოპონირებისა, რუსეთმა ქართულ ოპოზიციაში ვერ იპოვა ძალა, რომელიც ძალადობრივად დაუპირისპირდებოდა ხელისუფლებას. ბოლოს რუსეთმა ამას მიაღწია თვითონ გამსახურდიას ხელისუფლების შიდა განხეთქილებით, როდესაც მისი ყოფილი პრემიერის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხარესაც და გამსახურდიას ხელისუფლებასაც თანაბრად ეხმარებოდა იარაღით და ქართველების ურთიერთ ჟლეტის სეირს უყურებდა. 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებაც რუსეთის კურთხევით მოხდა, რის დასტურადაც შუა გადატრიალების პერიოდში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ივანოვის საქართველოში ვიზიტი და „რევოლუციონერებისთვის“ გამოხატული მხარდაჭერაც კმარა. რუსეთს მაშინ არც საქართველოს პროდასავლური კურსი და შევარდნაძის ავტორიტეტი აძლევდა ხელს, არც საქართველოსთვის საერთაშორისო ფუნქციის შეძენა და მით უმეტეს, არც რუსული ბაზების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან. მოხუცი შევარდნაძის ხელისუფლების სისუსტით, სახელმწიფო სტრუქტურების გეგმაზომიერი ჩამოშლით და ქვეყანაში გამეფებული კორუფციული გარემოთი ეფექტურად ისარგებლეს მისივე ხელისუფლების შიგნით გაძლიერებულმა ე. წ. „ახალგაზრდა რეფორმატორებმა“ და „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების გზით მიიტაცეს ხელისუფლება. ეს იყო მეორე შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლების წევრებს შორის მომხდარმა ინტერესთა კონფლიქტმა ძალადობრივი გზით შეცვალა ხელისუფლება. მოგვიანებით, 2004-2012 წლებში, „რევოლუციურმა“ ხელისუფლებამ მრავალი სტრატეგიული ობიექტი და ქართულის ტერიტორიის 20% გადასცა რუსეთს, რითაც სრულად დაუბრუნა ვალი რუსეთს „რევოლუციის“ დროს გაწეული მხარდაჭერისთვის. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ხალხას პროდასავლური მეთოდებით აბოლებდნენ, მათი მმართველობის ფორმები და მეთოდები მთლიანად პრორუსული იყო. დღეს საქართველოში არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლის მესამე მცდელობა მიმდინარეობს. მართალია, ამჯერად ამ მცდელობის მთავარი აქტორებად ხელისუფლების შიგნიდან წამოსული პოლიტიკოსები კი არა, ძველი ხელისუფლების რევანშისტული ძალები გვევლინებიან, მაგრამ მათ გუნდში „ქართული ოცნების“ ან მათი მოკავშირეების ყოფილი ისეთი სახეებიც მოიაზრებიან, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში დღევანდელი ხელისუფლების სახეებს წარმოადგენდნენ (გიორგი მარგველაშვილი, დავით უსუფაშვილი, გიორგი გახარია, ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე და სხვები). რევანშისტული ძალა ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად – დაწყებული სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის მცდელობიდან, დამთავრებული ფიზიკური და მორალური ძალადობით პოლიციელებზე და სახელმწიფო სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებზე.ისინი არც მალავენ, რომ მათი მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა და ხელისუფლების იძულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ამით დაათმობინონ „მიტაცებული ხელისუფლება“. მართალია, ისინი ვერაფრით ასაბუთებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მისი შედეგები არ ასახავს ამომრჩეველთა რეალურ ნებას, მაგრამ მათთვის მთავარი არა ფაქტები, არამედ აღქმებია. აღქმებს კი სწორედ მათი კუთვნილი მედიის პროპაგანდა ქმნის და ამ აღქმების მიხედვით საზოგადოება უნდა დაარწმუნონ, რომ თითქოს ხელისუფლება ოლიგარქიული და პრორუსულია, ხოლო სახელისუფლო სტრუქტურები ჩამოშლილია და ისინი ხალხზე არ ზრუნავენ, ამიტომ მხოლოდ მათი ცრუ დაპირებები უნდა დაიჯეროს ხალხმა. სინამდვილეში მათი სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები აუარესებს ხალხის მდგომარეობას, რადგან ხელისუფლება იძულებულია დამატებითი რესურსები მიმართოს წესრიგის დაცვისკენ, სამართალდამცავების გაძლიერებისკენ, ხოლო ამისკენ მიმართული ხარჯები მოაკლოს სოციალური და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს, თუნდაც პენსიების, ჯანდაცვის ხარჯების, სოციალურად დაუცველთა დახმარებების გაზრდას და ა. შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი სწორედ ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებას უწყობენ ხელს, რასაც შემდეგ თვითონვე იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ. მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის სწორი პოლიტიკა შეუშლის მესამე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წარმატებით განხორციელებას. მოქალაქეების უმრავლესობა კარგად ხედავს, რომ თუნდაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, როდესაც ამომრჩევლები მორიგ ჯერზე უარს ეტყვიან რევანშისტულ ძალებს, ისინი კვლავ დაიწყებენ აპელირებას არჩევნების შედეგების გაყალბებაზე და კიდევ ერთხელ შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას. ქართული საზოგადოება საკმაოდ გაზრდილია იმისათვის, რომ ხელი აღარ შეუწყონ დესტრუქციული, პრორუსული ძალების მიერ განხორციელებულ კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება