საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით
მიიღებს მონაწილეობას. ანსამბლი „რუსთავი“ შანხაიში, გამოფენის გახსნის დღეს,
სტუმრებს ქართულ ფოლკლორულ ცეკვებსა და სიმღერებს წარუდგენს.
გამოფენის მნიშვნელობაზე ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი, ია მაქაცარია
საუბრობს:
„წელს საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის,
ITB China-ს პარტნიორი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყნის კულტურული და
ტურისტული პოტენციალის მასშტაბურად წარმოჩენას გულისხმობს.
საქართველოსთვის გამოყოფილ სივრცეში ნაჩვენები იქნება ქვეყნის ტურისტული
მრავალფეროვნება, ჩვენს კულტურულ სიმდიდრეს კი ITB China-ზე ანსამბლი
„რუსთავი“ წარადგენს“.
შანხაიში, გამოფენის დაწყებამდე, საქართველოს სახელით საზეიმო მიღება
გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
გამოფენის ოფიციალური გახსნა საქართველოს სტენდთან მაღალი რანგის
დელეგატების ვიზიტით დაიწყება. სამი დღის განმავლობაში ეროვნული სტენდის
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს
ტურისტული მიმართულებების შესახებ.