2026 წლის 8 ივნისს, ქ. სტამბოლში გაიმართა საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
მინისტერიალის ფარგლებში, მხარეებმა შეაჯამეს სამ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დაკავშირებადობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. ამასთან, აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და ვიზიტების აქტიური დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც ეფუძნება მეგობრობის, ურთიერთგაგების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მხარდაჭერის პრინციპებს. აღინიშნა ხსენებული პრინციპების დაცვისა და განმტკიცების მნიშვნელობა.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობასა და განხორციელებაზე.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონის პოტენციალი და სამი ქვეყნის როლი დაკავშირებადობის კონტექსტში. ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვანი ამოქმედების, ასევე შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება აღნიშნული პროექტების წარმატებით ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, პროექტში მონაწილე თითოეული ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.
მინისტერიალის ფარგლებში, განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების და დიპლომატიური არხების გამოყენების მნიშვნელობას.
სამმხრივი მინისტერიალის დასასრულს, მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას – სტამბოლის დეკლარაციას.
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო, რიგით მეთერთმეტე მინისტერიალი, რიგითობის პრინციპის შესაბამისად, საქართველოში გაიმართება.