fbpx

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას დაბალანსება აკლდა-გიორგი ვოლსკი

ვფიქრობ, შეთანხმების დარღვევა, გაუქმება კარგი არ არის, მით უფრო, რომ შეთანხმების პათოსი გვკარნახობდა პოლიტიკურ სუბიექტებს კონსენსუსის საშუალება მოეძებნათ, – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა. ამასთან, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას დაბალანსება აკლდა.

„განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, ვინაიდან შეთანხმებიდან გასვლა ერთია, ამას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს. მეორეა, როცა შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, ვინაიდან უკვე ნათელი იყო სიტუაცია რა მიმართულებით ვითარდებოდა. პრეზიდენტმა შედეგები გაანალიზა ისე, როგორც ხედავს. ცუდია შედეგი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური სუბიექტები რესურსს ვერ ნახულობენ, რათა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციები შეიმუშაონ, მაგრამ როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული. მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს. ამის არ დანახვა სწორი არ არის. პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიჰყვება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა  განაცხადა რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, თითქოს 19 აპრილის შეთანხმებამ ქვეყანაში პოლარიზაცია არ შეამცირა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება