fbpx

სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა

სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. სამწუხაროდ ის კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის ღირსების ორდენის გადაცემისათვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძეს ჰკითხეს, რატომ არ მიიღო პრეზიდენტის მიწვევა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონიაზე, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.

„რატომ უნდა მივიდნენ [პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე], მაინტერესებს. სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. სამწუხაროდ ის კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის ღირსების ორდენის გადაცემისათვის. დღეს მოვისმინე საოცარი სპეკულაცია, რომ დაასწრო პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემო. ღირსების გადაცემას სჭირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება საქართველოს პრეზიდენტთან, რომ მან გადასცეს ღირსების ორდენი. ტყუილია ის ამბავი, რომ პრეზიდენტს თითქოს უნდოდა წინასწარ ორდენის გადაცემა. თუ არ მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ქართული კანონმდებლობით ღირსების ორდენის გადაცემა საქართველოს პრეზიდენტს არ შეუძლია. ღირსების მედლის გადაცემა შეუძლია, ორდენის – არა. ღირსების მედლის გადაცემას თუ აპირებდა, წინა კვირას რომ პირობითად 100 კაცი დააჯილდოვა, პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, იმ მედლით თუ აჯილდოებდა თოფურიას, არ ვიცი ნამდვილად. რაც ეკუთვნის იმ პატრიოტ ადამიანს, რომელმაც ამხელა სიამაყე მოგგვარა ქართველებს, ამას [ორდენს] სჭირდება პრეზიდენტთან პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება. ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები. არ სჭირდება ამხელა ამბავი, რომ თოფურიას საკითხი გამოვიყენოთ ასევე პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ ადამიანებმა [პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ] ხომ არ დაიწყეს პოლიტიკურ სპეკულაციაზე ფიქრი და ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ არ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი [ზურაბიშვილი] პრეზიდენტია, ადგნენ და რადგან თოფურიაზე იყო საუბარი, არ გახადეს საკითხი პოლიტიკურ საკითხად და როგორც კანონში ეწერა, ორდენთან დაკავშირებით გაუგზავნეს შესაბამისი დოკუმენტები საქართველოს პრეზიდენტს. ზეპარტიული ამბავია და ეროვნული თანხმობა და ეროვნული მიზნები უნდა აღასრულო ისე, რომ არ დაიწყო პოლიტიკური სპეკულაციები. პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად და პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერმაც გამოგიგზავნეს ორდენთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები, არიქა მოდით ახლა ჩემთან, ისე ვერ გადავცემ ორდენსო, ამაზე ლაპარაკი არ უნდა დაიწყო. საინფორმაციო გამოშვებები დაიწყო იმით, რომ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არ მიდიან პრეზიდენტთანო. ნუ იტყუებიან, რომ ორდენის გადაცემა პრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რადგან ვერ გადასცემდა, კანონში ასეთი რამ არ წერია. ამბიციები სჯობს მოთოკოს ყველამ და გადასცეს [პრეზიდენტმა] ორდენი [თოფურიას] ისე, როგორც წესია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიესალმება და ეთანხმება პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ და თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანის სასახლეში გაიმართება. განცხადებაში აღნიშნული იყო ასევე, რომ პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება.

„სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება