fbpx

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

ცვლილებებს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 13-მა წევრმა წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტზე მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა 30 დეკემბერს გაგრძელდება.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას “სისხლის სამართლის კოდექსის” რამდენიმე მუხლი ემატება. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის მიხედვით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.ამასთან, როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი, კანონპროექტის გარდამავალი დებულებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით დაკორექტირდება. კერძოდ, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებული წინადადების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლები სამსახურის ბაზაზე შესაქმნელ ორ ახალ უწყებაში ავტომატურად დასაქმდებიან.

დანარჩენი დეპარტამენტების თანამშრომლები კი, ახალ სამსახურებში საკუთარი ნებისა და არჩევანის შესაბამისად განაწილდებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება