fbpx

საინტერესოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რატომ გვიგზავნიან ისეთ „დიპლომატებსა“ და „დემოკრატებს“, რომლებისთვისაც კანონის უზენაესობაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა-ნანა კაკაბაძე

ბოლო 10 წელია, საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ზოგიერთი ევროპელი ან ამერიკელი მოქმედი თუ გადამდგარი ელჩების, კონგრესმენებისა და სენატორების, ევროსაბჭოსა თუ ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაარღვიოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონები, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმ შემთხვევებში, თუ ამას მოითხოვენ ამერიკიდან ან ევროპიდან“, – წერს  Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო ასეთი მოწოდება აშშ-ის ყოფილ ელჩს, იან კელის ჰქონდა.

„მან გაუმართლებელი და უღირსი საქციელი უწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსი პოლიტიკოსის დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არშემოშვებას. გაკვირვებას იწვევს აქტიურობა, რომლითაც ყოფილი დიპლომატი არადიპლომატიური მეთოდებით თითქმის ყოველდღიურად ახერხებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში მკვეთრად ანტისახელისუფლებო პოზიციების დაფიქსირებას. შეიძლება ითქვას, რომ ბატონი კელი სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმის ხელში საერთაშორისო მასშტაბის დროშად იქცა და მის ყოველ გამოხტომას წაღმა-უკუღმა აფრიალებენ დღევანდელი ფსევდოდემოკრატიული ლოზუნგებით შეიარაღებული ქართველი რადიკალური ოპოზიციონერები. იან კელის აზრით, არც ქართული კანონები, არც საერთაშორისო ნორმები და ლოგიკა არაფერს ნიშნავს, თუ პოლიტიკური ინტერესები მოითხოვს მათ დარღვევას. თურმე, ვინაიდან რუსი პოლიტიკოსი დიმიტრი გუდკოვი დღეს პუტინის ოპოზიციონერია, რაც არ უნდა ჩაედინა საქართველოს წინააღმდეგ, მისთვის საზღვრის გადმოკვეთაზე უარი არ უნდა ეთქვა საქართველოს ხელისუფლებას“, – წერს ნანა კაკაბაძე.

როგორც ის აღნიშნავს, იან კელი თავისი პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა, თუმცა, ის არაა ერთადერთი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შეურაცხყოფს.

„სამწუხაროდ, ის არ არის ერთადერთი საქართველოს მეგობართა თუ სტრატეგიულ პარტნიორთა შორის, რომლებიც თავისი გამონათქვამებით პირდაპირ შეურაცხყოფენ საქართველოს კონსტიტუციას თუ კანონმდებლობას, როდესაც რეკომენდაციას აძლევენ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, უგულებელყონ კანონის მოთხოვნები და იხელმძღვანელონ მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით. მაგალითად ე. წ. „შარლ მიშელის შეთანხმებაში” ჩაიწერა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუ ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე ვერ აიღებდა ხმების 43%-ს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. ასეთივე, თავსმოხვეული და გაუმართლებელი მოთხოვნა იყო, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, კრიმინალების პილიტპატიმრებად მონათვლა და მერე მათი გათავისუფლების მოთხოვნა. საინტერესოა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რატომ გვიგზავნიან ისეთ „დიპლიმატებსა“ და „დემოკრატებს“, რომლებისთვისაც კანონის უზენაესობაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანშეწონილობაა“, – წერს ნანა კაკაბაძე.

ამასთან, აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმ გაცხადებულ მიზნებს, რომლებისთვისაც აშშ და მთლიანად დასავლეთი საქართველოში საკუთარი ქვეყნების გადასახადების გადამხდელების ფულს დებს.

„ჩვენი პარტნიორების ასეთი მიდგომები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ. საქართველოს კონსტიტუციის ან ქართული მენტალიტეტის იგნორირება და სხვა მსგავსი „რეკომენდაციები“ ჩვენ გვახსენებს ტოტალიტალური აზროვნების რეციდივებს, რის წინააღმდეგაც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით იბრძოდა ჩვენი საზოგადოება“, – წერს ნანა კაკაბაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება