fbpx

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს

🟥 საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადება

„ცენზურისგან თავისუფალი მედია დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ამ ტრივიალური ჭეშმარიტების გათვალისწინებით, უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ საზოგადოებისთვის გაზიარებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გავრცელებისას მთელი ევროპის მასშტაბით მედიის უპრეცედენტო და კოორდინირებულ ცენზურას აწყდებიან.

თუ ეს მართლაც ასეა (და არავითარი საფუძველი არა გვაქვს ადვოკატების სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ), გამოდის, რომ ევროკავშირს, რომელზეც 90-იანი წლებიდან სწორედ ფასეულობების – სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების გამო ვოცნებობდით, მძიმედ ქონია ღირებულებითი საფუძველი შერყეული. საქართველოში ფსევდოლიბერალების მთავარი იარაღი სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედიაა. გამოდის, რომ ევროპაშიც ფსევდოლიბერალების დომინირების მთავარი იარაღი სწორედ სიცრუე და მის სამსახურში მდგარი მედია ყოფილა.

როდესაც ვხედავთ უმძიმეს კორუფციულ სკანდალებს ევროკავშირის სტრუქტურებში, როდესაც ვხედავთ, როგორ ვერ იცავს ევროკავშირი თავს გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ეკონომიკური და სხვა სახის კრიზისებისგან, როდესაც ვხედავთ, როგორ მფარველობენ ევროპული სტრუქტურების სახელით მოქმედი პოლიტიკოსები კრიმინალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, როდესაც ვხედავთ, როგორ ახალისებენ ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის თვითდაზიანებასა და სიმულაციას, როდესაც ვხედავთ, როგორ ითხოვს ევროპარლამენტი 400-ზე მეტი დეპუტატის მხარდაჭერით სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, როდესაც ვხედავთ, როგორ გვახვევენ თავს ლგბტ პროპაგანდას და უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, როდესაც ვხედავთ, როგორ მტრობენ ევროკავშირიდან დაფინანსებული ქართული ენჯეოები ეკლესიას და სახელმწიფოს და ბოლოს, როდესაც ვხედავთ, რომ, თურმე, მთელი ევროპული მედია ერთიანი კოორდინირებული ცენზურის ქვეშ მოქმედებს, ბუნებრივად იძენს აქტუალობას კითხვა, ხომ არ გადაკვეთა ევროკავშირმა ის ზღვარი, რომელიც მის ცივილიზაციურ ხიბლს პრინციპულად აქარწყლებს?

თუ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხისთვის მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და ფასეულობებისგან დაცლილი აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ჩვენი მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, არავითარი ფასი არა აქვს.

შესაბამისად, ვუერთდებით ცალკეული ექსპერტების მოწოდებებს იმის შესახებ, რომ საჭიროა ფართო დისკუსიის გაშლა ყველა თემაზე, რომელიც ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს, მის ღირებულებით ტრანსფორმაციას და აქედან გამომდინარე, ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივას უკავშირდება. ქართველმა ხალხმა ყველა პრინციპული გადაწყვეტილება არა ემოციებისა და სტერეოტიპების კარნახით, არამედ ღრმა ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება