fbpx

რუსეთის მხარემ დააწესა და მოხსნა შეზღუდვა, ახლა გამოვარდებიან პოლიტიკაში ადგილობრივი ხელმოცარულები და იტყვიან, რუსეთმა საქართველოს მთავრობა დაასაჩუქრაო

სააკაშვილი იყო ომის შემდეგ პირველი, ვინც გაუუქმა რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი საქართველოში შემოსასვლელად და უვიზო მიმოსვლა დააწესა. რუსეთის მხრიდან ამას იგივე ნაბიჯი არ მოჰყოლია, რადგან რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა, მათ შორის ჩვენს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება.

„მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ერევნის, აზერბაიჯანის, ხან თურქეთის გავლით უწევთ ოჯახებით აქ ჩამოსვლა. გარდა იმისა, რომ ეს მათთვის დისკომფორტია, პირდაპირ ხარჯებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, ეს გააუქმა რუსეთის მხარემ. რუსეთის მხარემ დააწესა მიმოსვლაზე სანქცია, შეზღუდვა და ახლა მოხსნა. ძალიან კარგია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება პოლიტიკაში ადგილობრივ ხელმოცარულებს, ახლა ვაშაძე გამოვარდება, თუ უკვე არ იყო, იტყვიან, აი, რუსეთმა დაასაჩუქრა საქრთველოს მთავრობა. ხომ იცით, ვაშაძე რომელია? საკუთარი ბინა რომ მიაქირავა რუსებს და დღემდე რომ ფულს იღებს. შემდეგ გამოვარდება ხოშტარია, რამდენი წელია, რუსეთიდან ფინანსდებოდა, ჩვენ გავიგეთ და შემდეგ ბათუმში ბინა შეიძინა. გამოვარდება გიჟი ჯაფარა, ვითომ ევროინტეგრაცია რომ უნდა. ევროკომისიამ გვითხრა, ნაკლები პოლარიზაციაო და ახალგაზრდებს ამზადებს იარაღის გამოყენებაში, რევოლუცუაში როგორ ჩაერთონ. ეს ტრიო საუნჯე, უფრო სწორად, ტროიკა და კიდევ დაემატებიან სხვა ხელმოცარულები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. რუსეთის მოქალაქეები დღეს ლარსის ხეობიდან ისედაც უპრობლემოდ გადმოდიან, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა. შემდეგი კარგი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან იქნება, რომ აფხაზეთი და ოსეთი დააბრუნოს. ეს არის სწორი მიდგომა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება