fbpx

როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი? – როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო-მიხეილ ყაველაშვილი


ფარულ ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა. მან განაცხადა, რომ ასეთი მავნებლური გზა საზოგადოებას არ წაადგება.

მან ასევე “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ხანაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ნუ გაახსენებენ ხალხს თავისი მმართველობის დროს, რადგან როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ხელისუფლების მთელი სტრუქტურა ჩართული იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში.

მისი თქმით, რადგან ოპოზიციამ ეს თემები ვერ ააგორა, ნიკა მელია ციხეში ძალით ჩაჯდა, რომ მსოფლიო სკანდალი გამოეწვია.

ეს ფაბრიკაცია საზოგადოებას არ წაადგება, ეს არის მავნებლური გზა, ერთმანეთთან დაპირისპირების. ეს საიდან მოდის?  საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო. ამომიტივტივდა ის საზიზღრობა, რაც მაშინ, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ხდებოდა. ცდილობდნენ, ყველა ადამიანზე ჩანაწერი ჰქონოდათ. გაიხსენეთ, ყოველ კვირაში მსგავს ჩანაწერებს აკეთებდნენ. ყველა ადამიანზე ჩანაწერების გამოქვეყნება ხდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ და დავინახეთ, რომ ორკესტრირებული იყო. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გამახვილებული, ხომ არ იცის, რა არის და როგორ არის? ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან და რაღაც ჩანაწერებზე აქვთ აქცენტი. რა გამოძიება, ხალხო?  ევროკავშირი, ამერიკა, ეუთო/ოდირი ყველა აღიარებს, რომ არჩევნები იყო შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და გაყალბებაზე არავინ საუბრობს. გამარჯვებული პარტია ვართ, რომელსაც მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა. ეს თემები ვერ ააგორეს, ადამიანი ციხეში ძალით ჩაჯდა, რომ მსოფლიო სკანდალი გამოეწვია იმისთვის, ნახეთ, როგორ დევნიან მოწინააღმდეგესო. ყველაფერი ხელმოცარულია და ახლა ჩანაწერებზე საუბარი დაიწყეს.

რა გამოძიება, სისულელეა, რაზე უნდა დაინტერესდეს?  რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება? როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი? – როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ხელისუფლების მთელი სტრუქტურა ჩართული იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. იცით, როგორ გააშუქეს? – თურმე, გირგვლიანი სვანური დაჯგუფების წევრი იყო, ვიდრე სიმართლე არ გავიგეთ. უნდოდათ, ეს საკითხი ასე გამოეტანათ. ეს თემა პრეზიდენტამდე მივიდა და ამ პროცესში მთელი სტრუქტურა იყო ჩართული. იგივე ადამიანები დღეს გეგმავენ ასეთ ჩანაწერს და ამათ როგორ უნდა დავუჯეროთ? ერთი დევნილი ან ახალგაზრდა დამისახელეთ, ნაწამები ან მოკლული ჩვენი ხელისუფლების დროს. მაჩვენეთ, ერთი. ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ ფაქტს. ვინ არის თორნიკე ქარჩხავა(ქარჩხაძე)? აქამდე, ჩანაწერამდე სად იყო? გამოძიება კი არ უნდა დაიწყოს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომ ავნონ საკუთარ სამშობლოს, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდნენ,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება