fbpx

რაც უნდა დროშები აფრიალონ და „ევროპა-ევროპა“ იძახონ, „ნაცები“ ვერასოდეს გახდებიან ევროპისკენ სვლის მებაირახტრეები -ნანა კაკაბაძე

რაც უნდა დროშები აფრიალონ და „ევროპა-ევროპა“ იძახონ, „ნაცები“ ვერასოდეს გახდებიან ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისა და ევროპისკენ სვლის მებაირახტრეები საქართველოში, რადგან ყველას კარგად ახსოვს მათი მმართველობის უსამართლო, სასტიკი და არაადამიანური ფორმები და მეთოდები, ის უბედურებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გამოიარა „იმ 9 წელში“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

მისი თქმით, რეალური ევროპული ღირებულებები და ნაცები ქართველი ხალხის აღქმაში ყოველთვის ერთმანეთის ანტიპოდები იქნებიან და ამ ანტიპოდების ერთმანეთთან შეთავსების მცდელობები ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული.

„ევროპული ღირებულებები – მითები და რეალობა
ქართველების სხვადასხვა თაობა სულ ილტვოდა ევროპისკენ, რადგან ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის ნამდვილი ევროპული ღირებულებები არათუ მისაღები, არამედ საოცნებოცაა, მაგრამ ბევრი ცდილობს, რომ ევროპული ღირებულებების შესახებ საქართველოს მოსახლეობას ყალბი სტერეოტიპები ჩამოუყალიბოს.

პროპაგანდის იარაღებად ქცეული პარტიული ტელევიზიების საშუალებით, გაუთვითცნობიერებელ მოქალაქეებს ყოველდღიურად ჩასჩიჩინებენ, რომ ევროპული ღირებულებები სწორედ ის იყო, რასაც „ნაცები“ ხელისუფლებაში ყოფნისას ახორციელებდნენ. ყველას გვახსოვს, რომ მაშინ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი „მტრული ძალების“ მოქმედებად ან ამ ძალების წისქვილზე წყლის დასხმად ითვლებოდა.

ტვინების გამორეცხვის გზით „ნაცები“ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში მაშინაც ამკვიდრებდნენ, იმავეს აგრძელებენ დღესაც და ოპოზიციიდანაც, ბოლო 10 წელია, ცდილობენ ხალხს თავში ჩაუბეჭდონ, რომ სწორედ მათი ხელისუფლების დროს იყო ქვეყანა დემოკრატიულიც და ევროპულიც, ხოლო დღეს საქართველოს რუსული მმართველობის სტილის ხელისუფლება მართავს, ანუ „ქოცების“ ხელისუფლება პრორუსულია.

მოდით, ვცადოთ, შევადაროთ ერთმანეთს „ის 9 წელი“, „ამ 10 წელს“ დემოკრატიულობისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების კუთხით. ამისათვის საჭიროა ელემენტარულ დონეზე ავხსნათ, რა არის ჩვენთვის რეალური ევროპული ღირებულებები.

ევროპული ღირებულებების საფუძველთა საფუძველია ხელისუფლების 3 შტო (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) დანაწილების პრინციპი მათი დამოუკიდებლობის, ურთიერთდაბალანსებისა და ურთიერთკონტროლის მიზნით. საქართველოში ეს პრინციპი, „იმ 9 წელში“ დაცული რომ არ ყოფილა, ალბათ, ამას ყველაზე მამალი „ნაცებიც“ კი ვერ უარყოფენ.

მართალია, ხელისუფლების 3 შტოს დანაწილების პრინციპი არ არის დაცული არც „ამ 10 წელში“, მაგრამ თუ შევადარებთ, როდის უფრო იყო ცენტრალიზებული ხელისუფლება, როდის უფრო შეეძლო აღმასრულებელ ან სასამართლო ხელისუფლებებს საკანონმდებლო ხელისუფლების წინააღმდეგ წასულიყო, ან სასამართლოს გადაწყვეტილებები დაჰპირისპირებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციებს, დავინახავთ, რომ ამ მხრივ ბოლო 10 წელიწადში წინა 9 წელთან შედარებით მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

ევროპული ღირებულებების მიხედვით, ქვეყნის ნებისმიერი პირველი პირი (პრეზიდენტი ერქმევა მას, თუ პრემიერ-მინისტრი) შეზღუდულია კონსტიტუციით და კანონებით. ამის საპირისპიროდ, „იმ 9 წელში“ საქართველოში მხოლოდ პირველი პირის ნება-სურვილით და ხუშტურებით ხდებოდა კონსტიტუციისა და კანონების ჭრა-კერვა და საკუთარ ტანზე მორგება.

„ნაცების“ რევოლუციურ ხელისუფლებას ჰქონდა ლენინური პრინციპი – „ცუდია ის რევოლუციონერი, რომელიც მწვავე ბრძოლის მომენტში შეჩერდება კანონის ხელშეუხებლობის წინაშე”. არანაირ ევროპულ ღირებულებებში არ ჯდება მხოლოდ პირველი პირის ნება-სურვილით და ხუშტურებით შენობების, მონუმენტების, სახელმწიფო დაწესებულებებისა თუ ქალაქების აშენება, დანგრევა ან რეკონსტრუქცია. ანუ, ის, რაც ევროპული ღირებულების ქვეყნებისთვის ანომალიაა, „ნაცების“ ხელისუფლებისთვის ნორმად ითვლებოდა.

ევროპული ღირებულებებისთვის სრულიად მიუღებელია, ხელისუფლების მიერ სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობდნენ მხოლოდ აგიტაცია-პროპაგანდის იარაღად ქცეული სახელისუფლებო ტელევიზიები, რასაც ადგილი ჰქონდა „იმ 9 წელში“. „ამ 10 წელში“ რომ მედია გაცილებით უფრო თავისუფალია, ისიც ადასტურებს, რომ სატელევიზიო არხების 80%-ზე მეტი ოპოზიციურია და აღარ ხდება ხელისუფლების ისეთი ქმედებები, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების მიერ არა სახელისუფლებო სატელევიზიო არხის შექმნის მცდელობებს ხელისუფლება უპასუხებდა ამ ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკის საბაჟოზე ხელოვნური დაზიანებითა და გაფუჭებით.

ევროპულ ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელია არჩევნების მასობრივი გაყალბება. დღეს ოპოზიციაში მყოფი „ნაცები“ ბევრს საუბრობენ არჩევნების გაყალბებებზე, სახელისუფლო რესურსების მობილიზაციაზე, მაგრამ გავიხსენოთ, ვინ გამოიგონა და დანერგა საქართველოში ე. წ. კოორდინატორების სისტემა და ამ სისტემაში საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისა თუ უბრალო დიასახლისების მასობრივი ჩართვა, ქუჩის ბიჭების გავლენების საარჩევნოდ გამოყენება, პატიმრებისთვის შეღავათების გაწევა მათი ნათესავების დარაზმვისა და კონკრეტული ხმების მობილიზაციისათვის, ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა და ყუთების გატაცებაც კი. მართალია, „ამ 10 წელიწადში“ ქოცების მხრიდან ეს სიმახინჯეები ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის და ამ მეთოდების გამოყენების ცალკეული მცდელობები „ამ 10 წელშიც“ გვხვდება, მაგრამ ნებისმიერი ობიექტური ადამიანი დაგვეთანხმება, რომ „იმ 9 წელთან“ შედარებით ასეთი ქმედებების მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუნდაც, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები და არჩევნების გახსნილობის თვალსაზრისით დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია მიღწეული.

ევროპულ ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელია საზოგადოების მართვის მეთოდებად და ხელისუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტებად ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნა, პოლიტიკური პოზიციის გამო მოქალაქის (ან მისი ოჯახის წევრის) სამსახურიდან გათავისუფლება, კანონისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება და ლენინურ ლოზუნგზე („Интеллигенция – говно“) დაყრდნობით მოაზროვნე ინტელიგენციის „ჩარეცხილებად“ გამოცხადება. ობიექტური მკითხველი იმასაც ობიექტურად შეაფასებს, როდის უფრო იყო განვითარებული ეს ტენდენცია.

ევროპულ ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელია პოლიციის ქვედანაყოფებისგან ქვეყნის პრეზიდენტის სახელის სკანდირების მოსმენა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა საქართველოში, კერძოდ, როდესაც მიტინგების დროს ხალხის დასაშლელად გამოყვანილი პოლიციის ქვედანაყოფები ერთხმად სკანდირებდნენ პრეზიდენტის სახელს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ კომუნისტურ და ფაშისტურ რეჟიმებში.

ევროპული ქვეყნებში ვერ შეხვდებით იდეოლოგიზებულ პიონერთა თუ კომკავშირელთა ბანაკებს ან “ჰიტლერიუგენდის” ტიპის ორგანიზაციებს. „ნაცების“ საქართველოში კი არსებობდნენ ამ ტიპის ბანაკები და მათ „პატრიოტები“ ერქვათ, ასევე „იმ 9 წელში“ შეიქმნა უმაღლეს სასწავლებლებში კომკავშირის ტიპის სტუდენტური თვითმართველობები, რომელთა გავლა კომკავშირული ტრადიციის მიხედვით, პარტიული კარიერის გზაზე ერთ ერთი მნიშვნელოვანი საფეხური იყო..

ევროპულ ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელია ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა განკულაკება და კერძო საკუთრების ნაციონალიზაცია ადეკვატური კომპენსაციის გარეშე. ამ ღირებულებებთან ასევე სრულიად შეუთავსებელია ბიზნესის ფარული თუ აშკარა რეკეტი და ყველაზე მომგებიანი ბიზნესების სახელისუფლებო მონოპოლიზაცია.

ევროპული ღირებულებების დამცველ ქვეყნებში ასეთი უსამართლობისაგან მოქალაქეებს არა მხოლოდ დემოკრატიული ტრადიცია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოც იცავს. ახლა დავფიქრდეთ და ობიექტურად ვთქვათ – რომელ პერიოდში უფრო არსებობდა საქართველოში დემოკრატიული ტრადიცია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ან დამოუკიდებელი სასამართლო?

ევროპულ ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელია ქვეყანაში ისეთი სასამართლოს არსებობა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს გამამართლებელი განაჩენების გამოტანას და რომელიც ორიენტირებულია არა ჭეშმარიტების დადგენაზე, არამედ მხოლოდ იმის ხელშეწყობაზე, რომ ბრალდებულმა აღიაროს (ან დაიბრალოს) დანაშაული, ამხილოს სხვა დამნაშავე (ან ვინმეს დააბრალოს) და ამის საფუძველზე, სოლიდური ჯარიმის (ლეგალიზებული ქრთამის) გადახდით საპროცესო შეთანხმების გაფორმების გზით მოიპოვოს თავისუფლება ან სხვა რაიმე შეღავათები. ვინც ამ სფეროში ოდნავ მაინც ჩახედულია, ის ნამდვილად აღიარებს, რომ „იმ 9 წელთან“ შედარებით დღეს სასამართლოს ობიექტურობა და დამოუკიდებლობა გაცილებით მაღალ საფეხურზე ასული.

ევროპულ ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელია ფასადური დემოკრატია და მის წიაღში დამკვიდრებული მმართველობის მკაცრად ცენტრალიზებული და უკიდურესად ანტიდემოკრატიული წესი, პოლიციური სახელმწიფოს მოდელი, სადაც დაშვებულია უკანონო მოსმენები, იგნორირებულია დაქირავებული მოქალაქის უფლებები, რომლის სამსახურიდან სრულიად უმიზეზოდ გაშვების უფლებასაც კანონი ანიჭებს ნებისმიერ დამქირავებელს და სადაც გამორიცხულია გაფიცვის უფლების გამოყენება, რადგან ამ დროს პოლიცია და დამქირავებელი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტერორით აიძულებენ გაფიცვის მოწყობის მსურველებს უარი თქვან განზრახვაზე. ამ პარამეტრებითაც „ამ 10 წელიწადში“ ბევრი ცვლილება მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.

ამდენად, ყველაფერი უნდა განვსაჯოთ არა სიტყვებით, ლოზუნგებით, მოწოდებებით და გულზე მჯიღის ცემით, არამედ საქმეებითა და ამ საქმეების შედეგებით. რაც უნდა დროშები აფრიალონ და „ევროპა-ევროპა“ იძახონ, „ნაცები“ ვერასოდეს გახდებიან ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისა და ევროპისკენ სვლის მებაირახტრეები საქართველოში, რადგან ყველას კარგად ახსოვს მათი მმართველობის უსამართლო, სასტიკი და არაადამიანური ფორმები და მეთოდები, ის უბედურებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ გამოიარა „იმ 9 წელში“. ამიტომ რეალური ევროპული ღირებულებები და „ნაცები“ ქართველი ხალხის აღქმაში ყოველთვის ერთმანეთის ანტიპოდები იქნებიან და ამ ანტიპოდების ერთმანეთთან შეთავსების მცდელობები ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული“, – წერს ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება