fbpx

რატომ ეუბნებით ახალგაზრდას, რომ თუ უცხოეთის უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, არ აქვს კარიერული წინსვლის შანსი?-მაკა სახურია ფილოლოგი

საპარლამენტო არჩევნების დღიდან მოყოლებული მინდა საკუთარი პოზიციის გამოხატვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და აქამდე ვერ მოვუყარე სათქმელს თავი, რადგან ამ რეალობის გამო ისეთი სტრესები მაქვს, ვერ ვუმკლავდები. სკოლის მოსწავლე ვიყავი 9 აპრილს, როცა ჩხოროწყუში, მშობლიურ სოფელ კირცხში, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ვიყავი და იმ პერიოდიდან მოყოლებული ისე გაილია ჩემი ახალგაზრდობა, არ ყოფილა წამი და წუთი, რომ ქვეყნის სატკივრით არ მეცხოვროს. დიდი მასშტაბის ფიგურად, ლიდერად და მოაზროვნედ არ გავუჩენივარ უფალს და ჩემი მწირი აზროვნებით, რიგითი ქართველის პოზიციიდან ყოველთვის თვალ-ყურს ვადევნებდი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მივდიოდი ყველგან, სადაც საქვეყნო საქმე წყდებოდა, ვმონაწილეობდი ყველა აქციასა და არჩევნებში. მიკვირდა ადამიანების, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ოჯახის ინტერესებით ცხოვრობდნენ და რეალობას იღებდნენ მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების ნიუსის სახით. მე არასდროს მახსოვდა საკუთარი თავი, პირადი ცხოვრება, შოვნა და დაგროვება, საკუთარ თავზე ზრუნვა, დავწანწალებდი ყველგან, სადაც ჩემი ქვეყნის ბედი წყდებოდა. 1999 წლიდან ვიყავი არჩევნებზე ხან საუბნო, ხან საოლქო კომისიებში, ვიყავი ცესკოს მიერ სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელე, მქონია საერთაშორისო ორგანიზაციების სერტიფიკატი, ვყოფილვარ ტრენერი, საარჩევნო აქტივისტი, აგიტატორი, სპიკერი, წარმომადგენელი, დამკვირვებელი. თუ რამე ვიცი, ესაა ლიტერატურა და არჩევნები. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისთვის და ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი, რომ ვინც ამ უზენაეს ღირებულებებს შეეხება ბინძური ხელებით, მის წინააღმდეგ ვიბრძოლო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. არავის ვაპატიებ არჩევნების გაყალბებას, საერთოდ არ ვიცი რანაირია შიში და ქედის მოხრა, ამიტომ ჩემი, როგორც ოპოზიციური ძალის წარმომადგენლისა, ეშინოდათ თუ ერიდებოდათ ყველა კომისიაში, რადგან ყველამ იცოდა, თუ რამე კანონსაწინააღმდეგო კეთდებოდა, არავის შევარჩენდი. საჩემოდ არაფერი მინდოდა, ახლაც რიგითი მასწავლებელი ვარ და სხვა კარიერას არც ვთვლი საჭიროდ. არჩევნებზე მიმუშავია თბილისში, სამტრედიაში, ლანჩხუთში, ჩხოროწყუში, ადიგენში. ავადსახსენებელი შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმების დროს რანაირი გაყალბებები, დარღვევები და უკანონობა არ მინახავს, ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლი. სამტრედიაში არჩევნებზე მოქალაქეთა კავშირის ხალხმა ზონდერებად ორმეტრიანი და 150-კილოიანი რაგბისტები მოიყვანა და საარჩევნო უბანზე ეს ტიპები თავში გვირტყამდნენ, დედას გვაგინებდნენ, ბოლოს იატაკი ჩაინგრა და სადღაც ჩავქვესკნელდით. არჩევნები რომ დამთავრდა და გარეთ გამოვედით, ჩემს მეწყვილეს სტრესისგან ისტერიული ტირილი აუტყდა, მე წარბიც არ შემიხრია. ზონდერმა, რომელიც მომეპარებოდა ხოლმე და თავში მირტყამდა ხელს, რათა ავეკივლებინე და უბნიდან გავეგდეთ, ზიზღით გამოსცრა, შენი დედაც, ნერვები არ გაქვს, რისგან ხარ გაკეთებული, ადამიანი არ ხარო? დღეს ნერვები სახლში დავტოვე-მეთქი, ვუპასუხე მშვიდად. ახლაც მახსოვს მისი გაფართოებული თვალები. ჩემი საარჩევნო თავგადასავლები რომ წიგნად დავწერო, არც ისე უინტერესო იქნება. ყველანაირი უკანონობა მინახავს და მწარედ გამომიცდია. ლანჩხუთის ნაცმა გამგებელმა გია გოგუაძემ თათბირი მოიწვია იმის გასარკვევად, თუ რატომ მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ ლანჩხუთში მაღალი მხარდაჭერა. გაგეყალბებინათო! უპასუხეს, აქ სახურია გვყავდა საოლქოში, ხელს არ გაგვატოკებინებდაო! მერე ეგ ქალი ვერ გაიტაცეთო? ეს თათბირზე გამოაცხადა და ამბავი მომიტანეს. ნეტა იმას, ვისაც ჩემი გატაცება აზრად მოუვა?

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება