fbpx

რატი იონათამიშვილი: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ იცოდნენ, რას ეფუძნებოდა სანქცირების გადაწყვეტილება
რატი იონათამიშვილი
რატი იონათამიშვილი


როდესაც მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, ეს გულწრფელად უსამართლობის შეგრძნებას იწვევს ჩვენს მოქალაქეებში, თუ, ამას არ მოჰყვა შესაბამისი კონკრეტული ახსნა-განმარტებები, თუნდაც მტკიცებულებების სახით, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირების შესახებ კითხვას უპასუხა.

„საქართველო და აშშ არიან მტკიცე და ძლიერი პარტნიორები, მეგობარი ქვეყნები და ეს ურთიერთობა არ არის ცალმხრივი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ გვაქვს გარკვეული შესაძლებლობის ეკონომიკური თუ სხვა რესურსები, ჩვენი ქვეყანა ​ამაყად და ღირსეულად პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს აქვს გაწეული ძალიან მსხვილი კონტრიბუცია საერთაშორისო მისიებში, სადაც ნატო ბევრ ქვეყანასაც კი უსწრებდა მონაწილეობის სტანდარტით და ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ცალსახად პირველი ადგილი ეკავა ავღანეთსა და ერაყში. ჩვენ ამ გამოცდილებით ძალიან ვამაყობთ და ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საქმე. როდესაც ამის პარალელურად ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, ეს გულწრფელად უსამართლობის შეგრძნებას იწვევს ჩვენს მოქალაქეებში, თუ, ამას არ მოჰყვა შესაბამისი კონკრეტული ახსნა-განმარტებები, თუნდაც მტკიცებულებების სახით. მტკიცებულებების წარდგენა საერთო ინტერესი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი მოქალაქეები მართლაც იმსახურებენ იცოდნენ, რის გამო არის მიღებული ეს გადაწყვეტილება და რას ეფუძნებოდა ის. რაც მოვისმინეთ, ამან კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ამიტომ ეს არის ძალიან ლეგიტიმური და სამართლიანი მოთხოვნა“, – ამბობს რატი იონათამიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება