fbpx

რამდენს იწონის ვალერი გელბახიანის სიტყვა?ანუ ძაღლის კუდი, მისი სიტყვა გროშიც არა ღირს-თეიმურაზ კვირკველია

ჟურნალისტი თეიმურაზ კვირკველია ვალერი გელბახიანზე პოსტს აქვეყნებს: რამდენს იწონის ვალერი გელბახიანის სიტყვა?ანუ ძაღლის კუდი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მისი სიტყვა გროშიც არა ღირს, მაგრამ „კავკასიას“ ეთერს მიჭიჭინებულმა მაყურებელმა და ამ ტვ-ს წამყვანმა, როგორც ჩანს, ეს არ იცის; ამიტომ მინდა თუ არა ჩემს განცხადებას შესაბამისი არგუმენტი უნდა მოვაყოლო.ვალერი გელბახიანი 1987 წელს თბილისის ოქტომბრის (დღევანდელი ჩუღურეთის) რაიონის პროკურატურის ის გამომძიებელი გახლდათ. რომელიც გახმაურებული მკვლელობის საქმის გაყალბების მცდელობისთვის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ამბის რეზონანსულობის გამო სისტემიდანაც დაითხოვეს. როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, გელბახიანი პოლიტიკური კონიუქტურის კარგი ყნოსვით გამოირჩეოდა, რამაც იგი 90-იან წლებში ასლან აბაშიძის კარამდე მიიყვანა; იყო პარლამენტის წევრი „აღორძინებიდან“, გახლდათ ასლან აბაშიძის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში და ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი აჭარაში.

მოკლედ 1999 წლის პოლიტიკური დუღილის პროცესში, მაშინ, როდესაც „აღორძინებამ“ ფართოდ გაშალა საარჩევნო კამპანია ჯუმბერ პატიაშვილის გასაპრეზიდენტებლად, გელბახიანი ეპითეტებს არ იშურებდა:“საკმაოდ ცნობილი, აღიარებული პიროვნებაა. უზარმაზარი გამოცდილება აქვს, თუმცა ეს საბჭოთა პერიოდში იყო, მაგრამ დაუფიქრებელ და აუწონავ ნაბიჯს ჯუმბერ პატიაშვილი არასოდეს გადადგამს…დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა ქვეყანას სარგებლობას მოუტანს“ -ო!ეს იყო მაშინ გელბახიანის ტიპიური გამონათქვამებიდან ერთერთი პატიაშვილის მისამართით.თითქოს არაფერი – საარჩევნო კამპანიისათვის ჩვეულებრივი ტექსტია; ცხადია, რომ იგი ამომრჩეველთა ფართო მასებზე ზემოქმედებისთვისაა წარმოთქმული იმ კაცის მიერ, ვის სიტყვასაც თითქოს დიდი წონა უნდა ჰქონოდა.უნდა ვივარაუდოთ, რომ გელბახიანი მართლაც ასე ფიქრობდა პატიაშვილზე.მაგრამ ჩემი უხიაგი ხასიათის გამო, მაშინ ეჭვი შემეპარა მის გულწრფელობაში; გამოვიყენე ძველი კავშირები გენპროკურატურაში და გადავათვალიერე მისი პირადი საქმე, რომელშიც 1990 წელს დაწერილ აი ამ განცხადებას გადავაწყდი;„საქართველოს სსრ პროკურორს ამხანაგ ა.ვ.რაზმაძეს ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის პროკურატურის ყოფილი გამომძიებლის ვალერიან იაშას ძე გელბახიანის განცხადებარეაბილიტაციის შესახებთქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმ გარემოებას რომ თქვენგან არ ვთხოულობ არავითარ სამსახურს პროკურატურის ორგანოებში, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, არამედ ვითხოვ რეაბილიტაციას იმ უკანონობისათვის, რაც თავის დროზე დაშვებული იყო პარტიული ორგანოების ზეგავლენით და რესპუბლიკის პროკურატურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის უცოდინარობით.როგორც მოგეხსენებათ ჩემი ყოფილი პროკურორი (ლ. დუღაშვილი) მოექცა ე, წ. „პოლიტიკური ყურადღების“ ქვეშ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი მეგობრობდა აწ გარდაცვლილ რესპუბლიკის ყოფილ პროკურორთან, (იგულისხმება ბარაბაძე. თ.კ.) რომელიც თავის მხრივ დაპირისპირებული იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, პატიაშვილის პიროვნებასთან. როდესაც ეს უკანასკნელი პირველი მდივანი გახდა, გამოიყენა რა თავისი მაღალი პოსტი პირადი ანგარიშსწორებისთვის, სისხლის სამართლის დევნა დაუწყო მის მოწინააღმდეგეებს და რა შედეგებიც მოჰყვა, თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ.

ორწლიანი რეპრესიების შემდეგ დაუსჯელი რჩებოდა მხოლოდ ლ. დუღაშვილი, მაგრამ კომპარტიის ლიდერმა გაიხსენა მისი არსებობა და თავისი ჩინოსნების მეშვეობით წამოიწყო ახალი სარეპრესიო კამპანია, ამჯერად ეს „საპატიო“ მისია იკისრა პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტმა, რომლის ხელმძღვანელობამაც შეთითხნული და ყალბი მასალების საფუძვლებზე მე (რომლის განსახილველად ქვემდებარე ნომენკლატურა არ ვიყავი), გამომიცხადა სასტიკი საყვედური სააღრიცხვო ბარათში შეტანით, შემდეგ კი გააკეთა პროვოკაციული გადაცემა ტელევიზიით…ჩემს მიმართ წამოყენებული პარტიული ბრალდება და დასჯა გამიზნული იყო ჩემი პროკურორის დასჯის საფუძვლისათვის. ჩემი ყველაზე დიდი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა რომ, 1987 წლის 27 თებერვალს საქალაქო კომიტეტის ბიუროზე გამოცხადდა 26 თებერვალს მიღებული ორგანოებიდან ჩემი დათხოვნის ბრძანება, რომელსაც ხელს აწერდა თქვენი ყოფილი პირველი მოადგილე ვ. შარაშენიძე.ჩემი დასჯის ასეთი უმკაცრესი ორი ღონისძიების ერთმანეთზე დამთხვევა იმდენად არ იწვევდა ჩემს შეძრწუნებას (ვინაიდან ამით კომპარტიის პირველ მდივანს ასიამოვნეს), რამდენადაც ის გარემოება, რომ თქვენ იძულებული შეიქენით, წინ ვერ აღდგომოდით კომპარტიის ხელმძღვანელთა ნებას, რის გამოც ვიქეცი „კომპარტიის ლიდერისათვის პროკურატურის მიერ საზარბაზნე ხორცი“, ანუ ზვარაკად მირთმეული მსხვერპლი.1989 წლის აპრილამდე ჩემს ამგვარ განცხადებას აზრი არ ქონდა იმის გამო, რომ ახალ-ახალი უსიამოვნება და ჩემი დამცირება მოჰყვებოდა. შემდეგ მოჰყვა აფხაზეთის, ოსეთის, ქვემო ქართლის ტრაგედიები, რის გამოც მორალური უფლება არ მეძლეოდა, რომ ჩემი საკითხის გარკვევა მომეთხოვა.

ამჟამად, ვითარება რესპუპლიკაში შედარებით სტაბილიზებულია და ვფიქრობ, რომ მოიცლით ჩემთვის და გამიკეთებთ რეაბილიტაციას იმ უკანონობის აღმოსაფხვრელად რაც თავის დროზე იქნა დაშვებული. მითუმეტეს, რომ რეაბილიტაცია უვადოა და მასზე ხანდაზმულობის პრინციპები არ ვრცელდებიან (თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უკანონობის სათავე პარტიის ცენტრალური და საქალაქო კომიტეტის ხელმძღვანელობიდან მოდიოდა).1987 წლის 26 თებერვლის ჩემი პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანების ფორმულირება აგებულია ჩემს მიერ გამოძიებულ ე.წ. „რაშოიანების“ სისხლის სამართლის საქმეზე დაშვებულ შეცდომებზე… იმასაც თუ ავღნიშნავ რომ ჩემი „ცოდვა“ ბევრი-ბევრი ე. წ. ბრალდებიდან გადახრა იყო, რომელსაც არც უკანონო პატიმრობა მოჰყოლია და არც სხვა რაიმე არსებითი უარყოფითი შედეგი, შემიძლია განვაცხადო, რომ მსგავსი ბრალდებიდან გადახრისათვის საქართველოს პროკურატურის მუშაკის ორგანოებიდან დათხოვნის პრეცედენტი დღემდე ალბათ არც აღრიცხულა, მაშ, რაღა მე დამატყდა ღვთის რისხვა?ამის პასუხი ძნელი არ არის ზემოთ აღნიშნულიდანაც კარგათ ჩანს, რომ მიზეზთა მიზეზი ამ აშკარა უკანონობის ჩადენისა იყო პარტიული ორგანოების თავდასხმა – ანგარიშსწორება, რის გამოც პროკურატურა იძულებული შეიქმნა კანონი დაერღვია ზემდგომი პარტოკრატის სიამოვნებისთვის.ვინაიდან, ჩემი დათხოვნის ბრძანებას ხელს აწერს თქვენი ყოფილი პირველი მოადგილე, როგორც მის ზემდგომს მოგმართავთ განცხადებით, რათა ქვემდებარეობის წესით განიხილოთ ჩემს მიერ დაყენებული საკითხების სამართლიანობა და კანონიერების აღდგენის მიზნით შეასრულოთ დებულების მე-19 მუხლის მოთხოვნები““…და ასე შემდეგ.

როგორც ამონარიდებიდან უკვე დაინახეთ, ვალერი გელბახიანი განცხადებაში, თავისი უდანაშაულობის მტკიცებისას ავითარებს აზრს, რომ იგი კომპარტიის ცკ-ას მაშინდელი პირველი მდივნის ტერორს „საზარბაზნე ხორცად“ შეწირეს.არადა სულ რაღაც რამდენი მე წლის შემდეგ გელბახიანი საჯაროდ აცხადებს, რომ პატიაშვილი“…ცნობილი, აღიარებული პიროვნებაა. უზარმაზარი გამოცდილება აქვს…აუწონავ ნაბიჯს არასოდეს გადადგამს…დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა ქვეყანას სარგებლობას მოუტანს“-ო!კიდევ უფრო საინტერესო იყო ის, რომ ვახტანგ რაზმაძე, ყოფილი გენპროკურორი, ვისი ხელმძღვანელობის დროსაც გააგდეს გელბახიანი სამსახურიდან, ასლან აბაშიძის გუნდში ირიცხებოდა. ეს კი თავის მხრივ გარკვეულ კითხვებს აჩენს. გელბახიანი თავის განცხადებაში ამტკიცებდა, რომ პატიაშვილი – შემდგომ უკვე ბათუმური ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან აბაშიძის პირადი მეგობარი, მერკანტილური, შურისმაძიებელი, თანამდებობის ბოროტად გამომყენებელი – ანუ სისხლის სამართლის დამნაშავე იყო და ამას მისთვის ხელი არ შეუშლია იგივე პიროვნება მოგვიანებით საჯაროდ ექო;ესე იგი, რა ღირს გელბახიანის სიტყვა? „ორწლიანი რეპრესიები!“„გამოიყენა რა თავის მაღალი პოსტი პირადი ანგარიშსწორებისათვის!“„წამოიწყო ახალი სარეპრესიო კამპანია!“

აქვე საინტერესოა ისიც, რომ პატიაშვილი, მიუხედავად თავისი უმაღლესი თანამდებობისა, „სისხლის სამართლის დევნას“ ვერასდიდებით ვერ განახორციელებდა დამოუკიდებლად; ეს პროკურორის, ანუ რესპუბლიკის პროკურორის ხელით უნდა ეკეთებინა!ვინ იყო მაშინ ამ თანამდებობაზე? ვახტანგ რაზმაძე! დიახ!შედეგად გამოდის, რომ ახლა დღედაღამ ტელევიზორში გამოხიდული და „სიმართლის“ მქადაგებელი ვალერი გელბახიანი, ასლან აბაშიძის ყოფილი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, რომელიც; ჯერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აცხადებდა პატიაშვილს, შემდეგ კი საუკეთესო საპრეზიდენტო კანდიდატად იგივე პერსონას; გელბახიანი, რომელიც „რეფორმატორულ“ გუნდთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ასლან აბაშიძის გუნდის მეხოტბე და მებაირახტე გახლდათ;გელბახიანი, რომელიც სააკაშვილთან დაპირისპირებულ და – მსუბუქად რომ ვთქვათ -საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს უცნაურად აეტორღიალა და ა. შ. და ა. შ.და იგი ახლა, მორიგი სალტო მორტალეს შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის, ანუ სააკაშვილის მხარდამჭერთა ამქარშია ჩაწერილი! ამიტომაცაა დღედაღამ გამოხიდული ტვ „კავკასიას“ ეთერში! ხოლო რამდენს იწონის ვალერი გელბახიანის სიტყვა, მოგახსენეთ და ვფიქრობ, არგუმენტირებულად.„არ გასწორდების ძაღლის კუდი“!

გაუზიარე!

Shares