fbpx

რადიკალურ ოპოზიციას ხელიდან გამოეცალა ყოველგვარი მანიპულაციის საშუალება, ძალიან გამწარდნენ და შინაარსობრივ განხილვაში შესვლაზე უარი თქვეს – სწორედ აქედან გამომდინარეობს დღევანდელი ე.წ. შოუ

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, კიდევ ერთხელ, დეტალურად განმარტა, თუ რას გულისხმობს ის კანონპროექტები, რომლებსაც კანონმდებლები განიხილავენ. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია, სწორედ იმის გამო, რომ დოკუმენტების შინაარსობრივ ნაწილზე მსჯელობას თავს არიდებს, ცდილობს, უარგუმენტოდ, საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, რომ თითქოს, დაინიცირებული კანონპროექტები რუსულია.

„ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ ფინანსური გამჭვირვალობა. როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა დაგვეინიცირებინა კანონპროექტი, ჩვენს მიზნებსა და გამოწვევას უპასუხა ამერიკის კანონმა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ აშშ-ში ეს კანონი იყო საკმაოდ მკაცრი. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ [ჩვენი კანონპროექტი] უნდა ყოფილიყო ამერიკის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობილი, მაგრამ შედარებით ლოიალური. ამიტომაც ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე დავაინიცირეთ ისეთი კანონი, რომელიც გულისხმობდა, რომ, ერთი მხრივ, უნდა ყოფილიყო ფინანსური გამჭვირვალობა, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა ყოფილიყო გაცილებით ლოიალური, ვიდრე შეერთებულ შტატებშია. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მაინც წავიდა სპეკულაციები, ჩვენ, „ხალხის ძალამ“, იმისთვის, რომ სპეკულაციები ნულზე დასულიყო, გადავდგით ნაბიჯი და დავაინიცირეთ მეორე კანონპროექტი, ანუ ეგრეთ წოდებული FARA, რომელიც დღეს მოქმედებს ამერიკაში.

ამის შემდეგ ისევ გაგრძელდა სპეკულაციები და, სამწუხაროდ, ამერიკიდანაც იყო ასეთი განცხადებები, რადიკალურ ოპოზიციას რომ თავი დავანებოთ, რომ ამერიკის კანონიც, თურმე, ყოფილა რუსული.

შემდგომ ამისა ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ როგორც ერთი, ისე მეორე კანონპროექტი ჩვენ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე უნდა მივიღოთ, რადგან ვერავინ შემოვიდა პოლემიკაში, რომ ფინანსური გამჭვირვალობა არის კარგი. ამავდროულად, პირველი მოსმენის შემდგომ, განვაცხადეთ, რომ ამ კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში გავაგზავნით. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენა არ დაიწყება მანამ, სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ მოგვივა. ამით, ფაქტობრივად, ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ყოველგვარი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ან ერთი, ან მეორე კანონი იყო რუსული, მომსპარიყო.

აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ პრევენციული ხასიათის ზომები, ერთი მხრივ, იმით, რომ ჩვენ დავაინიცირეთ ამერიკული კანონი, მეორე მხრივ, იმით, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ამას ვაგზავნით ვენეციის კომისიაში.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ რეგლამენტის მიხედვით, მეორე მოსმენის დროს იწყება ძირითადად მუხლობრივი განხილვა. შესაბამისად როცა ვამბობთ, რომ მუხლობრივი განხილვა დაიწყება მხოლოდ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდგომ, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ როგორც ქართულ, ისე მსოფლიოს საზოგადოებაში ყველა დაინახავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება აბსოლუტურად თავსებადი ფინანსურ გამჭვირვალობასთან.

როდესაც ჩვენ ეს ორივე ნაბიჯი გადავდგით და რადიკალურ ოპოზიციას ხელიდან გამოეცალა ყოველგვარი მანიპულაციის საშუალება, მერე უკვე ძალიან გამწარდნენ და გადაწყვიტეს, რომ პრაქტიკულად არ შესულიყვნენ შინაარსობრივ განხილვაში. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ეგრეთ წოდებული შოუ – დღევანდელი ფიზიკური დაპირისპირება.

ამერიკული კანონი მართალია, ჩვენ დავაინიცირეთ, მაგრამ ეს არის საკმაოდ მკაცრი როგორც სანქციების ნაწილში, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ითვალისწინებს პატიმრობას ხუთ წლამდე, ჩვენს კანონპროექტში კი მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმაა; ასევე ამერიკის კანონპროექტის მიხედვით გავრცელების მასშტაბები არის საკმაოდ ვრცელი – ფიზიკური, იურიდიული პირი და ასე შემდეგ, ჩვენს კანონპროექტში კი არის მხოლოდ და მხოლოდ იურიდიული პირი, ისიც მხოლოდ აიპები და მედიასაშუალებები; ასევე, ამერიკის კანონის მიხედვით, არის საკმაოდ მკაცრი რეგულაციები დოკუმენტების ნუსხაში, რადგან წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც დამფუძნებლის სახელი და გვარი, ასევე გარიგება, წერილობითი თუ ზეპირი; გენერალურ პროკურორს უფლება აქვს, რომ კიდევ დამატებითი ნუსხა შემოიტანოს იმ პირების  მისამართით, რომლებიც ექვემდებარებიან რეესტრს. ასეთი რამ ჩვენს კანონპროექტში არ არის. ჩვენთან წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თანხის ოდენობა და წყარო. ამის შემდგომ რეგისტრირდება და ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას. არავითარი შეზღუდვა და აკრძალვა არ არის.

ამავდროულად ამერიკის კანონში, რაც ჩვენ ასევე დავაინიცირეთ, არის ის, რომ, მაგალითად, გენერალურ პროკურორს შეუძლია არა მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ განახორციელოს მონიტორინგი, არამედ ყოველ კვირაში ერთხელ, ან, თუნდაც, ყოველდღიურად. ჩვენს კანონში ეს აკრძალულია და მხოლოდ 6 თვეში ერთხელ შეიძლება მონიტორინგი.

მე ჩამოვთვალე ის ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც არის ძალიან დიდი სხვაობა ჩვენს პირვანდელ კანონპროექტსა და ამერიკაში დღეს მოქმედ კანონს შორის, რომელიც ასევე ჩვენ დავაინიცირეთ. ჩემი განხილვის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომ დავაინიცირეთ ამერიკული კანონი, მაგრამ ამას ზედ დავამატეთ ის განცხადებაც, რომ ორივე კანონპროექტს მივიღებთ პირველი მოსმენით და გავაგზავნით ვენეციის კომისიაში. ამით ამოწურულია ყოველგვარი სპეკულაციის საფუძველი. რაც მინდოდა მეთქვა ამერიკულ კანონთან დაკავშირებით, პრაქტიკულად მოგახსენეთ და მინდა ვთქვა, რომ პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ამერიკის კანონი, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამას გავაგზავნით ვენეციის კომისიაში შესაბამისი დასკვნის მისაღებად.

კიდევ ერთს შევახსენებ საზოგადოებას, რომ არანაირი შემხებლობა ამ კანონპროექტს არ აქვს სხვა ქვეყნის ჯაშუშებთან. ის აბსოლუტურად სულ სხვა საკანონმდებლო სფეროა.

ჩვენ თუ გვინდა რაიმე ტიპის მსჯელობა კონკრეტულ დეტალებზე, ეს ჩვენ შეგვიძლია, მზადა ვართ, მეორე მოსმენის დროს. ამიტომ კიდევ ერთხელ პრინციპი რომ ფინანსური გამჭვირვალობა საჭიროა, ახლა მივიღოთ, მაგრამ დეტალები, დასათაურება. ან რაიმე ტიპის კონკრეტულ მუხლებზე მსჯელობა ჩვენ შეგვიძლია მეორე მოსმენის დროს, რომელსაც გავაგრძელებთ ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ. ეს არის პირველი კანონპროექტი, რომელიც არის ამერიკის ანალოგი და, მე მგონი, ამომწურავად გითხარით პრინციპებთან დაკავშირებული დეტალები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება