fbpx

პრემიერ-მინისტრი გაეროს განვითარების პროგრამის  რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს მირიანა სპოლიარიჩ ეგერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს გაეროს განვითარების პროგრამის წვლილს საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია UNDP-ის მხარდაჭერა COVID 19-ის პანდემიის პროცესში და გარემოს დაცვის სფეროში.

ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ამ კუთხით აღინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის წვლილი ადამიანის უფლებათა ახალი, 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის  შემუშავებაში.

ყურადღება გამახვილდა UNDP-ის დახმარებაზე საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის კუთხით. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა წლების განმავლობაში წარმატებული იყო და მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გაეროს მხარდაჭერას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების მიმართ, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტების მეშვეობით.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, მათ შორის ყველა საერთაშორისო ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება