fbpx

„პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ჩაჯდა.

როგორც კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, პრეზიდენტს ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დოკუმენტში ერთი სამართლებრივი შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს. მისივე თქმით, უკანონო მოსმენა საერთოდ არის ყველანაირ კანონს გაცდენილი, საუბარია კანონიერი მოსმენაზე.

„რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამთ, იგივე იყო არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაშიც. ვენეციის კომისიამ ჩემთვის გაუგებარი რამ დაწერა – პროცედურასთან დაკავშირებით დაწერა შენიშვნები.

უკანონო მოსმენა საერთოდ არის ყველანაირ კანონს გაცდენილი, აქ საუბარია კანონიერი მოსმენის მოწესრიგებაზე. არანაირი კავშირი არ აქვს უკანონო მოსმენებთან. ყოველგვარი სამართლებრივი შენიშვნის გარეშე გვეუბნებიან, რომ სამართალდამცავი სტრუქტურა არ აღიჭურვოს ძლიერი ბერკეტით. ვეუბნებით, რომ ყველაფერი არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. გვითხარით, სად არის აცდენილი სტრასბურგის პრაქტიკას ან საერთაშორისო სტანდარტებს, ნული შენიშვნა. მაინც გამოდიან და გვეუბნებიან, რომ არ მიიღოთ და ა.შ.”,- განაცხადა კობახიძემ

კითხვაზე, პრეზიდენტს რა ინტერესი ჰქონდა, როდესაც თქვა რომ “დღეს ნებისმიერი მოქალაქე კონფიდენციალური საუბრის დროს ცდილობს გამორთოს ტელეფონი ან დაშალოს?“ – კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ტყუილია და „საქართველოში ტელეფონის დაშლის თემა ვანო მერაბიშვილთან ერთად საქართველოს ისტორიას ჩაბარდა“.

როგორც კობახიძემ გადაცემაში განაცხადა, იციან „თუ რატომ ჩაჯდა პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში“.

„პრეზიდენტი პირდაპირ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში. რატომ, როგორ, ჩვენ ეგეც ვიცით, მაგრამ ცალკე თემაა. ჩვენ ამდენ სიმართლეს ვერ ვამბობთ. ოთხეული გამოვიდეს და თქვას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება