fbpx

“შეშინებული” ნანა კაკაბაძის პასუხი “უშიშარ”ხათუნა ლაგაზიძეს

ნანა კაკაბაძე ,,იქსნიუსის,, მეშვეობით ხათუნა ლაგაზიძეს პასუხობს:

„შეშინებული“ ნანა კაკაბაძის პასუხი ,,უშიშარ” ხათუნა ლაგაზიძეს!

შემთხვევით გადავაწყდი სოციალურ ქსელში სათაურს „ხათუნა ლაგაზიძე ქართული ოცნების ,,შეშინებულ ,,ამომრჩევლებს მიმართავს”.

დამაინტერესა, რას გულისხმობდა ავტორი, ვინაიდან ხმა მეც სწორედ “ქართულ ოცნებას” მივეცი. ჯერ სად „უშიშრობა“ და სად ლაგაზიძე და მეორეც, სად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინება და სად შიში ქართული ოცნების ამომრჩევლობის გამო.?

როდის უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური კეკლუცობები, ნაძირლობები და ვაი ჭირისუფლობები მაღალი ღირებულებების სახელით?

რა საშინლად გამოიყურებიან ლაგაზიძე და მისნაირი მედროვე კომფორმისტები საზოგადოების იმ ჯანსაღი ნაწილის თვალში, რომლებმაც თავისი ცხოვრების წესით აჩვენეს ქვეყანას, რას ნიშნავს დაძლიო შიში, როცა ჭეშმარიტება შენს მხარეზეა.

ასეთი იყო სწორედ 70-იანი წლების იმ დისიდენტების ცხოვრება, რომელმაც სძლიეს შიშსა და კონფორმიზმს და პირად კეთილდღეობაზე მაღლა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა დააყენეს, სძლიეს შიშს არა სიტყვიერად და ვიღაცეების წინაშე საკეკლუცოდ, არამედ საქმით, როდესაც პირადი და ქვეყნის თავისუფლების მოსაპოვებლად ციხეებსა და გულაგებს არ შეუშინდნენ.

ამ დროს კი ლაგაზიძე და მისი მსგავსები მართალი სიტყვის თქმას კი არა, გაგონებასაც კი გაურბოდნენ და შიშისა და პირადი კეთი-დღეობის გამო, მორჩილების „მახინას“ – კომპარტიას ემსახურებოდნენ.

„უშიშარი“ ლაგაზიძე არც 80-90-იანი წლების მიჯნის ეროვნული მოძრაობიდან არავის ახსოვს . ალბათ იტყვის, 19-20 წლისა ვიყავი და როგორ უნდა გახსოვდეთო, მაგრამ პირადად მე, „შეშინებული“ ნანა კაკაბაძე 16-17 წლის ასაკში უკვე რამდენჯერმე ვიყავი დაკავებული ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის, ხოლო 20-21 წლისა უკვე პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. შემდეგ ძალიან „შეშინებულმა“ ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის მართლა საშიში რეჟიმის წინააღმდეგ გავაგრძელე ბრძოლა.

დავინტერესდი და გავიგე, რომ თურმე „უშიშარ“ ხათუნა ლაგაზიძეს საბჭოეთის დანგრევამ ხელი შეუშალა კომკავშირული და პარტიული კარიერის გაკეთებაში, თუმცა მოუხერხებია და 90-ანებიდან შევარდნაძის უშიშროების საბჭოში უმსახურია, ამიტომ სააკაშვილის რეჟიმისთვის თავი ვეღარ მოუწონებია და „ექსპერტად“ დაუწყია მსახურება.

ამ სტატუსით ბიძინასაც შესთავაზა სამსახური, რომელმაც არ მიიღო და გაბრაზებულმა ახლა პაატა ბურჭულაძის ახლადშექმნილი პარტიით სცადა გაპოლიტიკოსება. იქიდან გამობუნძულებული ისევ ექსპერტობას დაბრუნებია და შეთავსებით ბიზნესიც აუწყვია.

როგორც ჩანს, ის ახლა უკვე ახალ ხვრელებს ეძებს და მისი აზრით პერსპექტიული პოლიტიკური ძალისათვის საკუთარი „უშიშრობის“ დასამტკიცებლად სრულიად უტიფრად და უსირცხვილოდ ბიძინას ელექტორატს უწოდებს „მშიშრებს“, თანაც სრულიად არაადეკვატურ კონტექსტში, ანუ ამ „მშიშრებში“ მეც მოვიაზრები.

სინამდვილე კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ოპონირება რომ საშიში იყოს, ლაგაზიძე და მისნაირები სწორედ ამ პარტიის წევრები იქნებოდნენ, ხოლო მე და ოცნების ბევრი ჩემნაირი ამომრჩეველი ისევ ვიჯდებოდით ციხეებში.

ასე რომ, მაშინ როდესაც ხარ მშიშარა და ამავდროულად ყველა დროში გინდა მშვიდი და კომფორტული ცხოვრება, უნდა შეეცადო რომ დაუკრეფავში არ გადახვიდე, თორემ ვიღაცა აუცილებლად მოგიტრიალდება და სიმართლეს პირში მოგახლის. სიმართლე კი ის არის, რომ ლაგაზიძეები ყოველთვის იქ არიან, სადაც ბოლშევიზმი და ბოლშევიკური სულისკვეთებაა, სულ ერთია, რა დროს რა სახელი ჰქვია მათ პარტიას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება