fbpx

პავილიონისის განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია, არაფერს ნიშნავს-ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები დაგმეს. 

3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პავილიონისმა არაერთხელ თქვა, რომ არსებული კრიზისის განსამუხტად აუცილებელია დიალოგი. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის – ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. პავილიონისისვე განცხადებით, ეს აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის. 

პავილიონისმა ასევე მიმართა მთავრობას და თქვა:

“თქვენ უკვე კარგავთ ტერიტორიებს, გინდათ, რომ მომავალიც დაკარგოთ? თუ არ გაერთიანდებით და ერთად არ იმუშავებთ, დიდი იქნება ფასი, რომლის გადახდაც მოგიწევთ”. 

გუშინ, 21 თებერვალს ნათქვამ ამ ფრაზას მოჰყვა ქართული ოცნების წევრების აღშფოთება დღეს. 

“რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყოვლად მიუღებელი სუვერენული, თავმოყვარე ქვეყნისთვის. მე მოვუწოდებ ამ ადამიანს და მის მეგობრებს ნაცმოძრაობიდან, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაამთავრონ ასეთი განცხადებები. ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ქვეყანა, მაგრამ სტუმრების ასეთი განცხადებები ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის. აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ამ ადამიანის განცხადებები პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი მთავრობისთვის”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

“აბსოლუტურად მიუღებელია მსგავსი განცხადებები. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, თუ ვინმეს გონია, რომ ანექსიაზე უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ამისთვის არ ვართ განწყობილები და არც განვეწყობით ამგვარად. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ტკივილი და აბსოლუტურად მიუღებელია, თუ ვინმე ამას დაკარგულად მოიხსენიებს”. – თქვა მდინარაძემ. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება