fbpx

პაატა დავითაია ოპოზიციაზე: სხედან და ლაპარაკობენ, ზოგი სად უშვებს ივანიშვილს, ზოგი – სად, ჰკითხეთ ერთი, მიდის ივანიშვილი სადმე თუ არა? სხვას არ მოუწიოს წასვლა


ყველა იძახის მე შევცვლი, მე გავუშვებ “ქართულ ოცნებას”, მე დავტოვებ 50 პროცენტს ქვევით და სინამდვილეში, ვერ დატოვებენ, მათემატიკურად ვერ ჯდება ეს, ძალიანაც რომ გინდოდეს, – ამის შესახებ “ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა, პაატა დავითაიამ “ტვ პირველის” ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა იცის საკუთარი დღის წესრიგი და მისი მიზანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რისთვისაც მუშაობს. როგორც დავითაია აცხადებს, ოპოზიციამ არ იცის რა სურს და ფუჭ მოლოდინებს ქმნიან იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების შეცვლას შეძლებენ.

“ისინი [“ქართული ოცნება”] მუშაობენ, თავიანთი დღის წესრიგი იციან. მათ იციან, რომ უმრავლესობა აქვთ, ახლა ამოცანაა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ახლა ვეკითხები ოპოზიციის ამოცანა რა არის? პარტიების – მიიღონ დაფინანსება და ფინანსური ბარიერი, თუ არ გაერთიანდა არავინ. იმას კი არავინ თვლის, იმ გადაუნაწილებელ პროცენტებს ორი პარტია რომ გადაინაწილებს. ამომრჩეველი როცა კლებულობს, პროცენტულობა მატულობს – რასაც მე ახლა ვსაუბრობ, ეს არის საარჩევნო ტექნოლოგიები და მსმენელი ვერ იგებს, მაგრამ ვისაც ეს ესმის და ახლა მისმენს, კარგად ხვდება რასაც ვლაპარაკობ. ილუზიის, ფუჭი მოლოდინების შექმნაა, რომ ვიღაცა ვიღაცას შეცვლის. ოპოზიციის დაქსაქსულობა, ყველას განცხადებები, რომ მე ვარ მაგარი, მე გავუშვებ “ქართულ ოცნებას”, მე ვიქნები ძალაუფლების 100 პროცენტის მატარებელი – ეს არ არის ასე.” – განაცხადა დავითაიამ.

მისივე თქმით, მსგავსი სახის განცხადებებით ოპოზიციური პარტიები ამომრჩეველს ატყუებენ და თუ ივნისამდე მათ მიდგომაში რაიმე არ შეიცვალა, არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევენ.

“ამომრჩეველს ხომ ატყუებენ. თქვენს ეთერში რომ სხედან და ლაპარაკობენ, ზოგი სად უშვებს ივანიშვილს, ზოგი – სად. ჰკითხეთ ერთი, მიდის ივანიშვილი სადმე თუ არა? სხვას არ მოუწიოს წასვლა. ეს არის რეალობა და როცა რეალობას არ ეგუები, დაგიდგება სხვა შედეგი. შენი თავი არ უნდა მოიტყუო. თეორიული შანსი ცვლილებებისა, არის დაახლოებით ივნისის თვემდე. თუ რამე არ შეიცვლება და ეს სისტემა დარჩა როგორიც არის, ვგულისხმობ ოპოზიციურ მიდგომას, დაქსაქსულობას, ამოიღეთ ეს გადაცემა 26 ოქტომბრის შემდეგ და ნახავთ შედეგებს, რაც იქნება”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება