fbpx

„ოცნება“ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ილუზიას ქმნის – ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლების მინიჭებაზე

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ამომრჩევლის მოსყიდვის და სისტემური ზეწოლის აღმოფხვრის კონკრეტული ხედვა და დაიწყოს მსჯელობა ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლების მინიჭების საკითხზე“,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ, ნათიამ მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული ინიციატივით არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ილუზიას ქმნის.

“ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებული ინიციატივით „ოცნება“ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ილუზიას ქმნის.

„ ოცნება“ ერთი მხრივ ცდილობს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, ხოლო, მეორე მხრივ, აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მოპარვას და სადამკვირვებლო მისიებზე თავდასხმას, რათა მომდევნო არჩევნები, რომელიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩაატაროს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უგულველყოფს ემიგრანტების ინტერესებს, რომელთათვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლებას პარტია “საქართველოსთვის” ითხოვს.

„ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნების დღემდე – შავი ფულით (მოსყიდვით) და სისტემური ზეწოლით! „ოცნებას“ ამ დრომდე არ გამოუთქვამს მზაობა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის საკითხს მოაგვარებს რეალურად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნით, ხოლო სისტემური ზეწოლის საკითხს – ზეწოლის ინსტრუმენტების (შსს, სუს-ი, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, სასამართლო) რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით.

სწორედ ამას გვავალდებულებს ევროკავშირის 12 პუნქტი, რასთან დაკავშირებითაც კონკრეტული წინადადებები არაერთხელ წარვადგინეთ. ხელისუფლება ქმნის 12 პუნქტის შესრულების ილუზიას, რეალურად კი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 12 პუნქტი არ შესრულდეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ტყუილია, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მხოლოდ ელექტრონული აპარატურით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვა უზრუნველყოფს” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, პარტია “საქართველოსთვის” საკომიტეტო ფორმატში მოითხოვს, ხელისუფლებამ წარმოადგინოს ამომრჩევლის მოსყიდვის და სისტემური ზეწოლის აღმოფხვრის კონკრეტული ხედვა და დაიწყოს მსჯელობა ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლების მინიჭების საკითხზე.

“მოვითხოვთ, შესაბამის საკომიტეტო ფორმატში: ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ წარმოადგინოს ამომრჩევლის მოსყიდვის და სისტემური ზეწოლის აღმოფხვრის კონკრეტული ხედვა და მათ შესასრულებლად სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯები 2022 წლის დეკემბრამდე;

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მსჯელობა ემიგრანტებისთვის ელექტრონულად ხმის მიცემის უფლების მინიჭების საკითხზე” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება