fbpx

ორივე კანონპროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ მის განხილვას, რაც იქიდან მივიღებთ სამართლებრივ არგუმენტებს

ჩვენ, კანონპროექტის ავტორებს გვინდა დასავლური მიდგომა და ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებები. ორივე კანონპროექტი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, მხოლოდ მას შემდეგ იგეგმება კანონპროექტების განხილვა, რაც ვენეციის კომისიისგან სამართლებრივი არგუმენტები დაბრუნდება. 

„ჩვენ გავაგზავნეთ ეს კანონპროექტები დასავლეთში, ვენეციის კომისიაში და მანამდე შევაჩერეთ მისი განხილვა. თუკი ვინმე ამბობს, რომ ის დასავლურ ინტეგრაციას უქმნის საფრთხეს, მაშინ რატომ ვაგზავნით მას დასავლეთში? იმიტომ, რომ ეს ასეც უნდა იყოს – თუ გვინდა დასავლეთთან პარტნიორობა, მათი მოსაზრებებიც საინტერესოა, მაგრამ როდესაც კანონპროექტს თავიდანვე რუსულის იარლიყს აკრავენ და საკომიტეტო განხილვებში მსჯელობაშიც არავინ შემოდის, [შეუძლებელია კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება]. დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიიდანაც ის დასკვნა მოვა, რასაც ეს კანონპროექტი გულისხმობს, რომ იქ არავითარი აკრძალვა და არავითარი მსგავსებაა რუსულთან. არის მხოლოდ დასავლურ კანონმდებლობაზე დაყრდნობით [შექმნილი] ქართული ვარიანტი.

ჩვენ, კანონპროექტის ავტორებს რომ გვინდა დასავლური მიდგომა და ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებები, ამიტომაც ავიღეთ ამერიკულ კანონზე დაფუძნებული ქართული ვარიანტი, სადაც არავითარი აკრძალვა, შეზღუდვა და დამატებითი რეგულაციებია, რაც არის ამერიკულ ვარიანტში და რაც კიდევ უფრო მძიმეა რუსულ ვარიანტში. ქართულ ვარიანტში, რომელიც უფრო ლიბერალურია, ვიდრე – ამერიკული, საჭიროა მხოლოდ რეესტრში დაფიქსირება. ჩვენ გვინდა დასავლური მიდგომა და ვითვალისწინებთ ამას, სწორედ ასე მივუდექით ამ საკითხს და თავიდანვე გამოვაცხადეთ, რომ ამ კანონპროექტებიდან ორივეს გავაგზავნით ვენეციის კომისიაში და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ მის განხილვას, როცა იქიდან მივიღებთ სამართლებრივ არგუმენტებს, რაზეც, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ. ეს იყო თავიდანვე განაცხადი და არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ ქუჩაში შეიკრიბნენ ადამიანები და შემდეგ გადავწყვიტეთ ვენეციის კომისიისთვის მიმართვა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება