fbpx

ნანა კაკაბაძე IRI-ის კვლევის შედეგებზე: ბევრს ალბათ ნიკა გვარამიას მოწოდება გაახსენდა – თუ გამარჯვება გვინდა, საზოგადოებაში აღქმების შექმნაზე უნდა ვიმუშავოთო

უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ამერიკელების ყველა კვლევაში დისტანცია “ნაცებსა” და “ქოცებს” შორის იგივე დარჩება ან კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო ამის მთავარი მიზანი იქნება ისევ და ისევ რევოლუციური სიტუაციისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, ამ სოციოლოგიური კვლევაში მნიშვნელოვანია არა თავად შედეგები, არამედ ქვეტექსტი და კვლევის შემკვეთების სურვილები.

კაკაბაძე აღნიშნავს იმასაც, რომ აღქმების ფაქტებად გასაღების მცდელობებით, რადიკალური ოპოზიცია და მისი ლობისტები იმედოვნებენ, რომ მიიღებენ საზოგადოების იმ კრიტიკულ მასას, რომელიც საკმარისია რევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად.

“ფაქტები და აღქმები

როგორც წესი, ცხოვრებაში ჯერ რაღაც მოვლენა თუ ფაქტი ხდება, რომელსაც საზოგადოება თანდათან ეცნობა.ისინი მას ითავისებს, აანალიზებს, გადახარშავს და ამის საფუძველზე ჩამოუყალიბდება ამ მოვლენის თუ ფაქტის თავისებური აღქმა.

ასე იყო მუდამ საზოგადოებაში, თუმცა, დღეს საქართველოში (შეიძლება სხვაგანაც!) ეს ბუნებრივი თანმიმდევრობა ამოყირავებულია და ცდილობენ, ფაქტებზე და მოვლენებზე დაყრდნობით კი არ ჩამოუყალიბდეს აზრები, (აღქმები) საზოგადოებას არამედ პირიქით, ჯერ შექმნან აღქმები და შემდეგ ეს აღქმები მათ თვალში აქციონ ფაქტებად.

თითქოს ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთი მოქმედება უბრალოდ, თაღლითობა და არაკეთილსინდისიერებაა, თუმცა ქართული ოპოზიციის ყველაზე გავლენიანმა და წონიანმა პროპაგანდისტმა ნიკა გვარამიამ ღია ეთერში ერთხელ პირდაპირ და გულწრფელად განაცხადა, მისი აზრით, 21-ე საუკუნეში ყველაფერს განსაზღვრავენ აღქმები და არა ფაქტები, ამიტომ თუ გამარჯვება გვინდა, საზოგადოებაში აღქმების შექმნაზე უნდა ვიმუშავოთო.

ამით მან აღიარა, რომ ნაციონალებისა და მათი ლობისტების პროპაგანდის მთელი ძალისხმევა მიმართულია აღქმების შექმნისაკენ და შემდეგ ამ აღქმების ფაქტებად გადაქცევისკენ.

ბევრს ალბათ ნიკა გვარამიას ეს მოწოდება გაახსენდა, როდესაც IRI-ს ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს გაეცნო.

ამ ე.წ. კვლევის სხვა არალოგიკურ შედეგებზე ამჯერად არაფერს ვიტყვით, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით ამერიკელების მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევებთან შედარებით ნაცების რეიტინგის 7%-იან ზრდას და ამდენივე პროცენტით ხელისუფლების რეიტინგის შემცირებას.

მთავარი ის კი არ არის, რომ ორიოდე თვეში საზოგადოებრივი განწყობის ასეთი მკვეთრი მეტამორფოზის არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს, არამედ ის, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის რეიტინგების დაახლოების ტენდენციით მათ მიერ საზოგადოებაში ინერგება აღქმა, რომ ნაცები არა თუ მომაკვდავი, არამედ აღმავალი ძალის მქონე პარტიაა და ეს აღქმა საზოგადოების თვალში თანდათან ფაქტად უნდა გადაიქცეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნებამდე ჯერ კიდევ 1,5 წელია დარჩენილი, შეიძლება ითქვას, რომ IRI-ს ამ ბოლო კვლევის შედეგების ამგვარად წარმოჩინებით სტარტი მიეცა აღქმების ფაქტად ქცევის გრძელ მარათონს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ამერიკელების ყველა კვლევაში ეს დისტანცია ნაცებსა და ქოცებს შორის იგივე დარჩება ან კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო ამის მთავარი მიზანი იქნება ისევ და ისევ რევოლუციური სიტუაციისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

როდესაც ასეთი აღქმებით დაბოლილი ხალხი 2024 წელს არჩევნების შედეგებით დაინახავს, რომ ხელისუფლებამ ნაცებთან შედარებით არა 4-5%-ით, არამედ 25-30%-ით მეტი ხმები მიიღო, ამ დროს ჩაირთვება ტრადიციული მექანიზმი:
„გაყალბებულია!“ „გაყალბებულია!“
და მოწოდება, რომ ხალხმა დაიცვას საკუთარი ხმები, გამოვიდნენ ქუჩაში და „გამყალბებლები“ გაყარონ ხელისუფლებიდან.

ნაცებს რეალურად 150-200 ათასმა ამომრჩეველმაც რომ დაუჭიროს მხარი, ეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მხოლოდ 6-8%-ია, მაგრამ ამ დროს უკვე შექმნილი იქმნება აღქმები, რომ ამხელა სხვაობისთვის ხელისუფლებას მხოლოდ გაყალბებით შეეძლო მიეღწია, თორემ გამოკითხვები ხომ სხვას აჩვენებდნენ?

„გაყალბებაში“ დარწმუნებული მასის ¼-იც რომ გამოვიდეს „გამყალბებლების“ წინააღმდეგ გამართულ პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე, თანაც ამას თუ დაემატება დანარჩენი იმ პარტიების მომხრეებიც, რომლებიც საერთოდ ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას შეეცდებიან.

იმედოვნებენ, რომ ასეთნაირად მიიღებენ ტყუილზე დაფუძნებულ იმ კრიტიკულ მასას, რომელიც სავსებით საკმარისია რევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად.

მართალია, ეს სცენარი ახალი არ არის და მის რეალიზაციას ნაცები თითქმის ყველა არჩევნებში დამარცხების შემდეგ ცდილობდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს რეალიზაციის საშუალებას არ აძლევდა არჩევნებზე დამსწრე საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციები. ამჯერად, როდესაც მსოფლიოს ძალიან გავლენიანი წრეები ასე მწვავედ უპირისპირდებიან საქართველოს ხელისუფლებას, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მათ არჩევნები არ შეაფასონ დემოკრატიულად ჩატარებულად და ამით კარტ-ბლანში მისცენ ხელში სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებს.
სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივის შექმნის მცდელობის ლოგიკა აშკარად ჩანს გაყალბებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაში.

ამ შედეგებში იმდენად ტექსტი არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქვეტექსტი და ამ კვლევის შემკვეთების სურვილები.

ჩვენი აზრით, ეს საშიშროება რეალურად არსებობს და არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ მთელი საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა აქედანვე უნდა იფიქროს მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების გეგმების საწინააღმდეგო გზებისა და მეთოდების შემუშავებაზე, რომ მერე გვიანი არ იყოს.”- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება