fbpx

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია -ნათია თურნავა

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს, თითო ოჯახს საშუალოდ 125 000 ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მიწა კომპანიისთვის უფასოა. ეს არასწორია. კი, სახელმწიფო შედის ამ მიწით, რადგან ეს არის კერძო საჯარო თანამშრომლობის პროექტი. ინვესტორს მოაქვს საკუთარი რესურსები – 830 მილიონი დოლარი, ხოლო სახელმწიფო მიწით შედის ამ პროექტში, მაგრამ ინვესტორისთვის ეს არაა უფასო. ინვესტორმა უკვე გადაუხადა 34 მილიონი ლარი 270 ადგილობრივ ოჯახს, თითო ოჯახს საშუალოდ 125 000 ლარი შეხვდა იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც იურიდიულად სახელმწიფოს ეკუთვნოდა, მაგრამ ვინაიდან ეს ოჯახები იქ სახლობდნენ და საქმიანობდნენ, სახელმწიფომ მოითხოვა ამ კომპენსაციების გაცემა. გარდა ამისა, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ კერძო საინვესტიციო პროექტს, რომელშიც ინვესტორი არ ფლობს მართლზომიერად იმ მიწას, რომელზეც რამეს აშენებს. მაგალითად, სხვის მიწაზე სახლს ხომ ვერ ააშენებთ? ვიღაცები ამბობენ, რომ ამ მიწაზე თურქები უნდა ჩამოასახლონ. ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული, მიზნობრივად გადაცემული მიწის რესურსი, რომელზეც ინვესტორს უფლება აქვს, მხოლოდ პროექტის მიხედვით ჰესის ნაგებობები ააშენოს. თუ ინვესტორმა ვერ ააშენა თავისი ვალდებულებები და ვერ ააშენა შესაბამის ვადებში კონკრეტული სიმძლავრის ჰიდროსადგური ან დაარღვია ნებართვით დაკისრებული უფლებები, მას ეს მიწა ჩამოერთმევა. ეს არის პირობადებული საკუთრება, რომლის საფასურიც ინვესტორმა გადაუხადა არა სახელმწიფოს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ესაა ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგური“, – განაცხადა თურნავამ.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება