fbpx

ნათია თურნავა: ამ ეტაპზე სარესტორნო ბიზნესისთვის დახმარების პაკეტია შეთავაზებული

ამ ეტაპზე სარესტორნო ბიზნესისთვის დახმარების საკმაოდ მოცულობითი პაკეტია შეთავაზებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო კვირაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გუნდი „რესტორანთა ასოციაციას“ შეხვდება და მათთან აღნიშნულ სექტორში არსებულ პრობლემებს განიხილავს.

„რესტორნებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დროული იყო დახმარება. ჩვენ მოველით, რომ ყველა ისარგებლებს. სხვათა შორის,  შემდეგ კვირაში, სავარაუდოდ სამშაბათს, შეხვედრა მაქვს დანიშნული „რესტორანთა ასოციაციასთან“ და თუ რაიმე სირთულე, რაიმე გამოწვევა აქვთ, შეხვდება ჩვენი გუნდი სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ და ყველა ერთად ვისაუბრებთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი. ასევე, ვისაუბრებთ, რომ ამის მიღმა კიდევ ბევრი პრობლემა რჩება და რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ კიდევ დავეხმაროთ მათ. ამ ეტაპზე საკმაოდ მოცულობითი პაკეტია შეთავაზებული, მაგრამ თითოეულ რესტორანს შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული საკითხი, რომლის გადაწყვეტა ჩვენ შეგვიძლია, ამიტომ გვინდა მათგან მოვისმინოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაუზიარე!

Shares