fbpx

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთი მეორედ გაიგზავნა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში ჰუმანიტარული ტვირთი მეორედ გაიგზავნა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების აქციის პირველ და მეორე ეტაპებს ორგანიზებას  სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უწევდა და მასში მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტი, ასევე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა მონაწილეობდა.

აქციის ფარგლებში, მერიების, საკრებულოების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის ჩართულობით, პირველადი საჭიროების ნივთები, მედიკამენტები და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეგროვდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის თბილისში ტრანსპორტირების პროცესს დღეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მუნიციპალიტეტის მერ მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად გაეცნო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და ჰუმანიტარული დახმარების აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, რომ ეს არის უკრაინაში რეგიონებიდან ჰუმანიტარული  ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რამდენიმე დღის წინ უკვე გაიგზავნა, საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი.

ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება