fbpx

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ სამუზეუმო პრემიები პირველად გასცა

ეროვნულ მუზეუმში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გასცა სამუზეუმო პრემიები. საზეიმო ღონისძიებას მუზეუმების ხელმძღვანელები, თანამშრომლები, სამუზეუმო სფეროს წარმომადგენლები და მეცნიერები ესწრებოდნენ.

პრემიების დაწესების იდეის ავტორები არიან საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი. საქართველოს წამყვანი მუზეუმების ინიციატივით დაწესდა ხუთი სამუზეუმო პრემია: აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას, დავით არსენიშვილისა და აკაკი ჭანტურიას სახელობის.

აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია საქართველოს მუზეუმების სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძეს.

აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის პრემია საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, საგანძურის მთავარ მცველს, ელენე კავლელაშვილს (გარდაცვალების შემდეგ).

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელობის პრემია გიორგი ჩიტაიას ღვაწლის სათანადოდ შესწავლისა და დაფასებისთვის გადაეცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამილა ცაგარეიშვილს.

დავით არსენიშვილის სახელობის პრემია დავით არსენიშვილის ღვაწლის სათანადოდ წარმოჩენისათვის გადაეცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნათელა ვაჩნაძეს.

აკაკი ჭანტურიას სახელობის პრემია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსებისა და უნიკალური სამუზეუმო კოლექციების შექმნისათვის გადაეცა ისტორიკოს გივი ელიავას (გარდაცვალების შემდეგ).

გარდა ამისა, მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 2022-2023 წლებში ოჯახის კუთვნილი სამუზეუმო ექსპონატები საქართველოს მუზეუმებს საჩუქრად გადასცეს, რითაც მათ სამუზეუმო კოლექციების შევსებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. მინისტრის მიერ მადლობის სიგელები გადაეცათ:

კლარა მაჭარაშვილს – სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის თანამშრომელსა და უხუცეს მუზეუმელს, რომელმაც 2022 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ხელოვნების სასახლეს უსახსოვრა მამის, 1937 წელს რეპრესირებული სოლომონ მაჭარაშვილის, შვეიცარიული, უნიკალური ოქროს (100 გ) საათი. სოლომონ მაჭარაშვილი აკაკი წერეთლის სახლეულის წევრი იყო. კლარა მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საჩუქარი უსახსოვრა ქართველ ხალხს: „მამაჩემის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჩემი ხალხის პატივისცემის ნიშნად, თქვენი მუზეუმისა და კულტურის სამინისტროს ნდობის დასტურად“;

თინა ჩუბინიძეს – 86 წლის პედაგოგს, რომელმაც 2022 წლის 15 იანვარს ხელოვნების სასახლეს გადასცა ბაბუის, იორდანე ჩუბინიძის, ნაქონი ვერცხლის მოოქრული უნიკალური ქამარი, რომელიც მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ისტორიისათვის;

ნუგზარ ალანიას, რომელმაც ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადასცა მამის, დამიანე ალანიას, უნიკალური არქივის ნაწილი: არაერთი ფოტო, გაზეთი თუ წიგნი; ტიციან ტაბიძის ხუთი ხელნაწერი, რომელთაგან ერთი ლექსი დღემდე გამოუქვეყნებელია და იეთიმ გურჯის 1921 წელს დაწერილი ლექსი „ავტოგრაფი“;

სიმონ კოპაძეს – მეცნიერსა და მკვლევარს, რომელმაც ხელოვნების სასახლეს გადასცა კონსტანტინე გამსახურდიას უძვირფასესი 57-გვერდიანი ხელნაწერი ცნობილი ტრილოგიიდან „დავით აღმაშენებელი“.

სამუზეუმო სფეროში კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ ხელოვნების სასახლის ფონდების მთავარ მცველს, ირინა მოისწრაფიშვილსა და გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმის გიდს, ნინო მაჩაბერიძეს.

ცნობისთვის: სამუზეუმო პრემია გაიცემა წელიწადში ერთხელ 1000 ლარის ოდენობით. პრემიის მიმღები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ხანგრძლივი (მინიმუმ 10 წელი) კეთილსინდისიერი საქმიანობა სამუზეუმო სფეროსთვის;

სამუზეუმო სფეროში აღიარებული მონოგრაფიები, სამეცნიერო ნაშრომები, საცნობარო ლიტერატურისა და კატალოგების შექმნაში მონაწილეობა ან ავტორობა;

სამუზეუმო კოლექციების შექმნა ან მათ შექმნაში მონაწილეობა;

მუზეუმის შექმნა ან მის შექმნაში მონაწილეობა;

ზოგადეროვნული ან საერთაშორისო დონის სამუზეუმო ექსპოზიციის მოწყობა ან მის მოწყობაში მონაწილეობა;

მნიშვნელოვანი სამუზეუმო ექსპონატების მაღალი დონის რესტავრაცია ან რესტავრაციის პროცესში მონაწილეობა;

ზოგადეროვნული ან საერთაშორისო დონის სამუზეუმო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა ან სამუზეუმო სფეროში მათი დანერგვა;

მუზეუმის ისტორიის ან მუზეუმის შემქმნელთა ბიოგრაფიების კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება