fbpx

მიხეილ სარჯველაძე დიმიტრი სამხარაძის გამონათქვამებზე – იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, მაგრამ მანდატის დატოვების საფუძველი ვერ გახდება

ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, რომელიც ვიხილეთ და არ იყო სასიამოვნო სანახავი ნამდვილად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე  მიხეილ სარჯველაძემ  უმრავლესობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მიერ აქციის მონაწილეებისა და პერსონალურად  მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო გამონათქვამების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, დიმიტრი სამხარაძის გუშინდელი განცხადებები არ არის გამოხატვის ფორმა, რომელსაც თავად ამართლებს და ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს მანდატის დატოვების საფუძველია.

„ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, რომელიც უცენზუროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ განზოგადება, რომ ეს „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის არის დამახასიათებელი, მცდარი იქნება. ასევე არასწორი იქნება ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორმებს მიმართავს, მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებსა და პერსონალურად  მიხეილ სააკაშვილს უხამსი სიტყვებით მიმართა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება