fbpx

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს.

მთავრობის წევრებმა განიხილეს საკითხი ხუდონ ჰესის გამოსყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შედგა შეთანხმება ჰესის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელიც ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ  სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა კანონმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღების  უფლებების დაცვა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება,  რაც გაზრდის ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და შეამცირებს რისკებს მომსახურების მიმღებთათვის.

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე, შუალედური სერვის პროვაიდერების უფლებებისა და მოვალეობების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიმართულებით. პროექტი შემუშავებულია USAID-ის ტექნიკური დახმარების ფარგლებში.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მთავრობის წევრებმა იმსჯელეს, იყო –  საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის – „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“-ის დამტკიცება. აღნიშნული სტრატეგია, რომელიც  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოორდინირებით შეიქმნა, არის პირველი სტრატეგია ახალგაზრდობის სფეროში და  იქნება საქართველოს მთავრობის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ამ მიმართულებით.

განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო- ელექტროსადგურების განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტების დადგმული სიმძლავრე 295 მეგავატზე მეტია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება