fbpx

მინახავს პატიმარი გენერალი, რომლის გულის ამუშავება, მხოლოდ ერთი მადლიანი ექთნის დამსახურებაა-ლილიკო გელაშვილი

ადვოკატი ლილიკო გელაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას ეხმაურება-

ისე, რა მაგის პასუხია და, არადა პასუხია, არახალია, როცა ადამიანის შესაფასებლად ის კრეტერიუმიც ყოფილა, ვინ როგორ შეძლო, გაუძლო და როგორ მოიხადა სასჯელი.

ადვოკატებმა იქნებ ცოტა მეტიც ვიცით…

როცა შეძლება-გაძლებაზე ვსაუბრობ, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს სამი პირობა:

1. რა პირობებში იხდის ადამიანი სასჯელს;

2. რისთვის იხდის სასჯელს;

3. ვინ იხდის სასჯელს.

არის სხვა დათქმებიც, მაგრამ ძირითადი გამოვყავი.

ადვოკატებს გვინახავს ყოვლად უღირს პირობებში ღირსეულად სასჯელმოხდილებიც, ციხეში მოხვედრის პირველივე დღეებში სრულიად ჩამოშლილებიც და ძლიერი, მაგრამ გარეთ დარჩენილი ოჯახის წევრების დაჭერა-გაუბედურებით შეშინებული ადამიანები.

ჩვენ ვინ გაგვაკვირვოს.

ერთ მაგალითად აგერ , სულ ახლახან გარდაცვლილი ქალბატონი, ნორა კვიციანიც რად ღირს, ძმის გამო რომ იხდიდა სასჯელს…

მინახავს გაუპატიურებული პატიმარიც, რომელსაც სირცხვილის მიუხედავად, თქმა ამჯობინა, იქნებ სხვები გადაარჩინოთო!

მინახავს ერთი, თითქოს სულ არაგმირი კაციც, რომელსაც ბიზნესის წართმევის მიზნით, ოჯახის რამდენიმე წევრიც გვერდით მოუსვეს, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. წართმევით კი ყველაფერი წაართვეს და ვისი ხელით, არ მკითხოთ. დიდი, “სამართლიანობას მოწყურებული” ოპოზიციონერია დღეს…

მინახავს მავანის საყვარელის, თუ უკვე ერთ-ერთი ცოლის გაპიარებაზე უარის თქმის გამო, ციხეში გამოკეტილი ადამიანი, რომლის გვარმა კრიმინალის, ციხის შესახებ არც არასდროს არაფერი იცოდა და რომლის დედა, გამწარებული და შიმშილამდე მისული, ვეღარც დადიოდა, არათუ ვერ პოზიორობდა გამოპრანჭული კამერებთან;

მინახავს პატიმარი გენერალი, რომლის გულის ამუშავება, მხოლოდ ერთი მადლიანი ექთნის დამსახურებაა და მასზე, მისმა თანამესაკნემ თქვა:- კაცი შემოვიდა და კაცი გავიდაო!

ავადმყოფებიც გვინახავს, მართლა ავადმყოფები, სასჯელის გადავადებას კი არა, ციხის საავადმყოფოზეც რომ ვერ იოცნებებდნენ. ერთი პატიმარი ამომიყვანეს. კბილი ტკიოდა ძალიან. ვუთხარი, რატომ ითმენ? რას ამბოობთ. ცოტა ხნის წინ ერთს ატკივდა ჩვენთან, ექიმი მოითხოვა და სიცილით დაიხოცნენ. მერე ბადრაგი მოვიდა და თვითონ ამოგლიჯაო! წარმოგიდგენიათ?

შეგნებულად არ ვწერ გახმაურებულ საქმეებზე და ნაწამებ კაცებზე…

ბევრი გვინახავს!

როგორ უძლებდნენ?

რა აძლებინებდათ?

ღირსება!

ზოგი მათგანი ციხის შემდგომ ცხოვრებაზე ფიქრობდა და არ უნდოდათ შერცხვენილებს ევლოთ!

ზოგი მათგანი ვერც წარმოიდგენდა, თუ ცოცხალი დარჩებოდა, მაგრამ ოჯახზე დარდობდნენ , მათ სახელზე ფიქრობდნენ!

სამწუხაროდ, ისეთებიც გვინახავს, გარეთ რომ გულზე მჯიღს ირტყამდნენ, მაგარს ყელყელაობდნენ, ციხეში კი ბროლის ჭიქასავით ათას ნამსხვრევად ჩამოიქცეოდნენ, პატარავდებოდნენ. აი, ასეთები მეცოდებოდნენ რაღაცნაირად…

ხო, ციხე უცნაური ადგილია: ყველას ააშკარავებს, სიბინძურეც ბევრი გამოაქვს და კაცური თვისებაც ( კაცური თვისებები რა არისო, არ მკითხოთ რაა, კბილმტკივანივითარ გამამწაროთ!!!), ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდივითაა…

ვერ ითამაშებ დიდხანს. რაც ხარ, ის ხარ!

მაგრამ…

არსებობს ერთი მაგრამ…

როცა ლიდერი ხარ, როცა მთავარსარდალი ხარ ( თუნდაც ყოფილი), როცა იცი, რომ შემოგყურებს თუ მთელი ქვეყანა არა, შენი მრევლი, როცა საერთაშორისო პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, როცა თვლი, რომ ერთადერთი და ნამდვილი გმირი ხარ, როცა შენ ებრძვი მხოლოდ სატანა პუტინს, როცა გმირი ხარ და აღმაშენებელი, როცა შეგნებულად მიდიხარ ციხეში ( არ მითხრათ ახლა, არ ელოდაო, განაჩენი რომ დამდგარი იყო, იურისტმა კაცმა არ იცოდა რა ელოდა?), შესვლისთანავე რა გატირებს, რას ვერ უძლებ, რას ჟინიანობ! შენ ხომ მაგალითი უნდა იყო ყველასთვის თუ არა, შენი მიმდევრებისთვის? ვინ ვინ და შენ ხომ იცი, რომ ლუპით გაკვირდებიან?

რატომ არ ფიქრობ საკუთარ იმიჯზე, საკუთარ სახელზე, საკუთარ ღირსებაზე?

ეს ხელისუფლება თუ ასეთი მტარვალია, მისგან რად ელოდებოდი დანდობას?

ან ესენი თუ არა, ისევ შენები არ გამოაშკარავებდნენ თუ მე შენ გეტყვი, ცოტა მნახველი გყავს, მარტო ცოლია რამდენი…

როგორ ჩავარდი ამ დღეში: გაწამებდნენ? ღამე პატიმრების სულისშემძვრელ კივილს გასმენინებდნენ? ოჯახის წევრების დაჭერით გემუქრებოდნენ? თვეობით არ გაჩვენებდნენ ოჯახის წევრებს? მნახველები გაკლდნენ? რადიო გაგითიშეს? უჰ, მაპატიე, ძველი ჩვევა-კომპიუტერი არ მოგცეს? ტელევიზორი დაგავიწყეს როგორია? ექიმი არ შემოგიყვანეს? საავადმყოფოში არ გადაგიყვანეს?

თუ რა? რა მოხდა, გვითხარი და ნატანჯი ხალხის დაცვას ისე ვართ მიჩვეული, იქნებ ისევ ჩვენ დაგეხმაროთ? ჩვენ უფრო ვიცით ერთგულება!

ხომ ხედავ, შეცოდებითაც მე შემეცოდე და სწორადაც მიწერენ კომენტარებს. გგონია არ ვეთანხმები? მაგრამ ადვოკატი ვარ, ადვოკატი და მე მაინც პატიმრისკენ ვიხრები ყოველთვის!

მაჩვენე ღირსება, პრეზიდენტის, თუნდაც ყოფილის ღირსება!

მაჩვენე მთავარსარდლის, თუნდაც ყოფილის ღირსება!

გვაჩვენე და გაჩვენებთ, როგორ შეგვიძლია ღირსეულების დაცვა!!!

პ.ს. კადრებს შეგნებულად არ ვაზიარებ და სხვებსაც მინდა მოვუწოდო ამისკენ-წერს სოციალურ ქსელში ლილიკო გელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება