fbpx

მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში-სალომე ზურაბიშვილი

მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იყოს მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები“, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან მთავრობასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა.

„ამ ურთულეს პერიოდში, გამოიყენეთ ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში, ისე რომ, არცერთი საკითხი არ იყოს გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის. მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იყოს მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები. გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად, საქართველოს სახელით. გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იყოს შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად შესრულებული შესრულდეს, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით, შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განიხილება ყველა სენსიტიური საკითხი. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში, გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე. დაბოლოს, მივმართავ ხალხს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რომლითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. ასევე, მინდა, უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და პირადად ჩემი სახელით, მადლობა მოვახსენო საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის. მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლითა და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან. მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად, მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება