fbpx

მე გახლდით სააკაშვილის მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსი-ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონსი ,,კავკასიურ სახლს,,პასუხობს

ცოტა ხნის წინ, „კავკასიური სახლის” წევრებმა, რომლის გამგეობის ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილია, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს წერილით მიმართეს:

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენ აქტიურად ლობირებდით რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხს. თქვენმა განსაკუთრებულმა მონდომებამ, აქტიურობამ და აქამდე ჯერ არნახულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი დამნაშავე შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა.

ვფიქრობთ, რომ თქვენ ბატონების – უგულავასა და ოქრუაშვილის – შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და იმ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ამჟამად სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის, ავტორიტარული რეჟიმის რეაბილიტაციას.

პატივცემულო ქ-ნო ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ბ-ნმა ოქრუაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში თავი გამოიჩინა, როგორც ყველაზე უფრო აგრესიულმა და სახიფათო მილიტარისტმა პოლიტიკოსმა: 2004 წელს მის მიერ დაგეგმილი გაუაზრებელი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ცხინვალის რეგიონში რუსი და ოსი შეიარაღებული ფორმირებების ხელით ათობით ქართველი მშვიდობიანი მოსახლე, ჯარისკაცი და პოლიციელი დაიღუპა. დაიღუპნენ, ცხადია, მოწინააღმდეგე მხრიდანაც.

2006 წელს თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ცენტრალური ტელევიზიების პირდაპირ ეთერში იმუქრებოდა, რომ ახალ წელს თავის თანამებრძოლებთან ერთად ცხინვალში შეხვდებოდა. ოფიციალურ უწყებებზე თავდასხმის ორგანიზატორი, ავანტიურისტი პოლიტიკოსი დღეს თქვენი წყალობით უკვე პოლიტპატიმრის სტატუსით ცდილობს დივიდენდების დაგროვებას“

„კავკასიურ სახლს“ ღია წერილითვე უპასუხა ევროპარლამენტარმა:

“დიდად პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

მივიღე თქვენი წერილი.

წერილის კითხვა დავიწყე დიდი ინტერესით და დავასრულე ასეთივე დიდი იმედგაცრუებით. ამ პროცესში გამახსენდნენ „პერსონაჟები“ გივი მარგველაშვილის ნაწარმოებიდან „Verfasser Unser“, რომლებიც გაიძახიან – „ვითხოვთ უკეთეს ნაწერს“ (“Wir fordern eine bessere Verfassung”).

ბრძანდებით რა სახელგანთქმული მწერლები, ფილოლოგები და აკადემიკოსები, უცილობოდ დამეთანხმებით, რომ კარგად წერა შედეგია კარგად კითხვის.

მე, როგორც საქართველოს და მისი ხალხის უპირობო და უკომპრომისო მეგობარს, არაერთხელ გამომიხატავს ჩემი პოზიცია უახლეს მოვლენებზე. ყველაზე ცხადად იგი წარმოჩინდა ჩემს ვებ გვერდზე 13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ასევე ფართოდ გააშუქა ქართულმა მედიამ.

სამწუხაროა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გამოგეტოვებინათ ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც განცხადების წაკითხვა ეწოდება. რომ არა ეს, ამაცილებდით მე ამ წერილის წერის, ხოლო საკუთარ თავს, ამ წერილის კითხვის უხერხულობას.

თქვენ რომ მე წინასწარ შემხმიანებოდით, როგორც ეს „საერთო პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებების“ მქონე მოკავშირეს შეშვენის, კიდევ ერთხელ სიამოვნებით განგიმარტავდით ჩემს პოზიციას და ამ გზით თავიდან ავირიდებდი თქვენი წერილის სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებას.

ასევე ზედმეტია ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეების შეხსენება. ეს ყველაფერი ჩემთვის კარგადაა ცნობილი. გერმანიის პარლამენტის წევრობისას, მე გახლდით სააკაშვილის მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსი. ამის გამო მან და მისმა გუნდმა შემრაცხა პერსონა ნონ გრატად და აქტიურად (მაგრამ არა ყოველთვის წარმატებით) ცდილობდნენ საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებში ჩემს დაბლოკვას. 2012-ში, მეც, მილიონობით ქართველის გვერდით, იმედით და კეთლი მოლოდინით შევყურებდი ქართულ ოცნებას. ვაი, რომ იმედი გახუნდა.

გარდა ამისა, არა ვსაჭიროებ თქვენს მეურვეობას. შესანიშნავად მომეხსენება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საეჭვო მეთოდები და სწორედ ამიტომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას უდიდესწილად ვიღებ ექპერტებისგან, მკვლევარებისგან, დიპლომატებისგან და ხშირად რიგითი ქართველებისგან.

თქვენ ამტკიცებთ, რომ მე „აქტიურად ვლობირებდი რამდენიმე დატუსაღებული ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლებას“. ეს არის სრული და მტკნარი სიცრუე. არც ჩემს ოფიციალურ განცხადებაში და არც ინტერვიუებში არ მომითხოვია ვინმეს გათავისუფლება. ასევე სიცრუე, როცა ამტკიცებთ, რომ მე თითქოს ვიღაც „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოვაცხადე. არასოდეს გამომიყენებია ეს სიტყვები. მე ჩემს საქმიანობას ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალს უდიდესი ზრუნვით. სწორედ ამიტომ ვარჩევ სიტყვებს მაქსიმალური სიზუსტით. ამავდროულად მოველი, რომ თქვენ აირჩევთ ამ სიტყვების სწორად წაკითხვას, სანამ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებას მიყოფდით ხელს.

ჩემი რჩევა (და არა თხოვნა ან მოთხოვნა) საქართველოს მთავრობის მიმართ არის იგივე, რაზეც ხალხი 2012 წელს ოცნებობდა. დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და ობიექტური, გამჭვირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევარები ადასტურებენ, ამ სფეროებში ძალიან სამწუხარო უკან დახევის ტრენდი გამოიკვეთა.

უცილობოა, რომ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლეს. თუმცა, დამნაშავეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს რომელის გადაწყვეტილებებიც დაეყრდნობა მყარ მტკიცებულებებს და თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ყველანი ერთად ვაშენებთ არა დემოკრატიულ საქართველოს, არამედ რეჟიმს, რომელსაც თქვენ და სხვა დისიდენტები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდით.

ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის შეფასებისას. არაერთხელ ვყოფილვარ რა საქართველოში, მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალით მწვანე და მდგრადი ენერგიის წარმოების სფეროში. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვმუშაობთ თავდაუზოგავად, რათა „ახალი მწვანე შეთანხმების“ დადებითი შედეგები გასცდეს ევროკავშირის საზღვრებს და საქართველოსთან ერთად სარგებელი მოუტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც. ეს ნაბიჯები გაამყარებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ურყევი ინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება