fbpx

მერაბ კოკოჩაშვილს ეცინება მედიაში მოარულ კითხვაზე – ვის მიანიჭებენ რეალურად სტატუსს?

რა შეფასებებს აკეთებს რეჟისორი იქსნიუსთან საუბრისას

,,ველი, რომ აუცილებლად გაჩნდება რაღაც ახალი ძალა, გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომელთაც საზოგადოება თვითონ იპოვის. გარდა ამისა, თვით ხელისუფლებაც, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, მიხვდება, რომ უნდა იფიქროს ახალი ადამიანებისთვის გზის დათმობაზე ნაწილობრივ მაინც“, – აცხადებს რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც მომავალ არჩევნებს დიდი ინტერესით ელოდება. რეჟისორი ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებს ევროკომისიის მხრიდან მიღებულ რეკომენდაციას – საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი.

,,ეს რეკომენდაცია უაღრესად მნიშვნელოვანი ამბავია დღევანდელ მოცემულობაში – მსოფლიოში მიმდინარე ასეთი ომების დროს, უზარმაზარი ქვეყნების დაპირისპირების დროს. ასეთ სიტუაციაში, როცა შენ გეუბნებიან – მზად ვართ, მოხვიდე ევროპაში, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ჩვენი ინტერესები ჰქვია, თუნდაც კულტურის მიმართ (20 საუკუნეა და უფრო მეტიც, ჩვენი კულტურა ევროპული და, ამავე დროს,  ქრისტიანული კულტურაა), რასაც თავისუფალი აზროვნება და თავისუფალი ქვეყნის ინტერესი ჰქვია, აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რომ გვითხრეს – მობრძანდით, ჩვენი მხრიდან მხარს გიჭერთ, პირველი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას გაძლევთ და თქვენი კანდიდატობის წინადადება მიღებულიაო ევროპის მიერ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სიგნალია. უკანასკნელი პერიოდი უწყვეტად იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ, გარდა ევროპული ინტერესებისა, ჩვენი გარკვეული საკუთარი ინტერესები და, ასე ვთქვათ, ტრადიციები გვაქვს, რომელსაც, ელემენტარულად, არც მიატოვებ და არც უნდა მიატოვო, ის შენია, შენი იდენტობაა…  

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა, შემდეგი ნაბიჯებია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ყველაფერი  რეალობად იქცეს უკვე დეკემბერში და შემდეგი წლების განმავლობაში კი  – საბოლოო რეალობად, როდესაც უკვე ევროკავშირის წევრი ხდები.

აი, ეს გზაა გასავლელი, მაგრამ ეს გზა რომ გავიაროთ, საჭიროა იმ დაპირისპირებებს ვძლიოთ, რაც ყოველთვის, ტრადიციულად მოსდგამდა საქართველოს ისტორიას. ამ რეალობის მიუხედავად, გვაქვს ქართული მრავალხმიანი სიმღერა, სადაც ყველა თავის ხმას ამბობს და ამ დროს ერთიან შესანიშნავ ჰარმონიად იქცევა ის. აი, ეს უნდა გაიგოს ჩვენმა ხალხმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა და ის დაპირისპირება, რაც არსებობს, ნელნელა მოიყვანოს ჰარმონიაში. შეიძლება მე ზედმეტად ოპტიმისტი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ბევრი რამ, ის სწორხაზოვნებაც, რაც ხელისუფლებას დღეს ახასიათებს“… – ამბობს იქსნიუსთან საუბრისას მერაბ კოკოჩაშვილი.

როგორც იკვეთება, დაპირისპირებას აღრმავებს ის რიტორიკაც, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსს თითქოს მხოლოდ ქართველი ხალხი იმსახურებს და არა ხელისუფლება, რაზეც რადიკალური ოპოზიცია თავის გამოსვლებში მიუთითებს. ვის მიანიჭებენ რეალურად სტატუსს? – ამ შეკითხვაზე მერაბ კოკოჩაშვილს ომახიანად ეცინება და გვპასუხობს: ,,ხომ ხედავთ, მე გამეცინა თქვენს კითხვაზე, რადგან შეუძლებელია, ხალხმა მიიღოს სტატუსი და ამაში მთავრობის როლი არ იყოს. თუნდაც, იგივე მოწინააღმდეგეების როლი. ყველა ერთად იღებს იმას, რასაც აფასებს ევროპა ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს შეურაცხყოფენ ოპოზიციონერები, როდესაც ამას ამბობენ, ისინიც ხომ ხალხის წარმომადგენლები არიან… ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ ეს რეკომენდაცია და ერთმანეთს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ, ასეთი მძაფრი დაპირისპირების მიუხედავად, გაგვიგეს და მოგვცეს შანსი – კიდევ უფრო წინ წავიდეთ“.

ნინო კაკულია, ჟურნალისტი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება