fbpx

მარნეულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქცია მართავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რასაც მასსა და “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს.

მისივე თქმით, ეს აქცია პოლიტიკურად მართულია.

“ეს არის დაგეგმილი აქცია, პოლიტიკური და ეს უნდა ვუთხრა მოსახლეობას. ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი და ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი, ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით გადმოიტანონ და რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის, მათ შორის ბოლნისშიც შევიდეს. ახლავე სამივე მანქანა შევიდა იმ სოფლებში, დავიწყეთ დატვირთვა და გადატანა. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინაა დაზღვეული, იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქის მოსახლეობა გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნილება არ არის, როგორიც იყო და ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. “ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ საქმიან, ყოველწუთიერ ურთიერთობაში, ველაპარაკეთ სადისტრიბუციო კომპანია “ჯიბესაც” და მათ აქვთ სურვილი, რომ მათ თანამშრომლებს არ შეეხოს ე.წ. კომენდანტის საათი, რათა ისინი დარჩნენ, იმიტომ, რომ დახარისხება მოასწრონ ამ პროდუქტის და უფრო მეტი ტემპით გავიდეს პროდუქტი, რომ აქედანაც გავიტანოთ უფრო მეტი”, – განაცხადა გუბერნატორმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება