fbpx

მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე – გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, კელი დეგნანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მდინარაძის განმარტებით, განცხადება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ქართულ რეალობასა და სპეციფიკას უნდა მოერგოს, ამავდროულად, თუ იმას გულისხმობს, რომ ეს უნდა მოერგოს კონკრეტულ ადამიანს ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლის პრონციპებს საერთოდ გვერდზე ვდებთ.

„ გუშინ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს, დღეს კელი დეგნანი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუკი აქ უფრო მკაფიოობა არ იქნება და თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის, პათოსს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ რეალობას და სპეციფიკას მოერგოს, ამავდროულად, თუ იმას გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლის პრინციპებს, დემოკრატიის პრინციპებს საერთოდ გვერდზე ვდებთ და რაღაც ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება მოხდეს ან კიდევ უარეს შემთხვევაში როგორც შეიძლება მოხდეს, კონკრეტულ ადამიანს შეიძლება პირდაპირ კანონი მოერგოს. ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტე არის საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მან ჟურნალისტებს მიმართა კითხვით, ერთი კონკრეტული თეორიული გარემოება თუ შეუძლიათ დაასახელონ, დეოლიგარქიზაციას რა კონკრეტული რეგიონალური სპეციფიკა შეიძლება ჰქონდეს, რაც უკრაინაში შეიძლება სხვა იყოს და საქართველოში სხვა.„ერთადერთი ეს შეიძლება თანხის ფლობის ის ერთი კონკრეტული კრიტერიუმი იყოს ჩაწერილი შეფასების კრიტერიუმებში, ოლიგარქია თუ არა ადამიანი“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონზე კომენტარი გააკეთა.

„ეს არის საკითხი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ებრძვის, მათ შორის ჩემიც. არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ქვეყნები მიმართავენ არასათანადო გავლენებს პოლიტიკურ სექტორში და ვფიქრობ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და იპოვოს საკუთარი გამოსავალი. არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე. არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას და ჩამოყალიბდეს ისეთ რამეში, რაც საქართველოსთვის შესაფერისია“, – აღნიშნა ელჩმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება