fbpx

მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: ვინაიდან ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას და რომ არ დარჩეს სპეკულაციებისთვის სივრცე, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში


ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი [დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი] გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადაგზავნიან.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, სიცრუეა. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ, იგივე თხოვნა, როგორც მასმედიის, ასევე პირადი კომუნიკაციის საშუალებით გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში. იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა, იგივე კანონმა, მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან სწორედ მაშინ, როცა უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იყოს, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ამ ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად იქნას შეფასებული სამართლებრივად და დაჩქარებული იყოს პროცესი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება