მამუკა მდინარაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე- პერსონალურად უნდა გადაეცათ ისეთი კითხვა ან გზავნილი, რომელიც არ გამომდინარეობდა ტრამპის უაღრესად პოზიტიური მილოცვის წერილიდან? მაშინ ეს უნდა თქვან „კომუნიკაცია იყო ჩვენგან და სულ არის ასეთი კომუნიკაცია. კომუნიკაცია იყო ვიცე-პრემიერის მიერ დამყარებული აშშ-ში, რომელიც შეხვდა საკმაოდ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს და რაიმე განსაკუთრებული, რაც შეიძლება არ იცოდეს საზოგადოებამ, არ არის“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე საუბრისას „ღამის კურიერში“ განაცხადა. მამუკა მდინარაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. „ჩვენ არ გვინდა კულისებში ლაპარაკი. ღიად ველაპარაკებით. კულისებშიც არის რაღაცები, რასაც ვლაპარაკობთ, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის. ისიც კი იციან გუშინ და გუშინ წინ, რაც ხდებოდა. ადრე ვსაუბრობდით, ღმერთმა არ დაგვაჭირვოს ამის ლაპარაკი, არის ასეთი საკითხები, მაგრამ იმ საკითხებს არც დღეს ვეხებით და სავარაუდოდ არც ხვალ შევეხებით, არ დაგვჭირდება ეს. ყველაფერს გააკეთებ ადამიანი, თუ შენ ეროვნულ ინტერესებს ეხება და შენი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, შენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ომს, მშვიდობას, ტერიტორიულ მთლიანობას და ასეთ საკითხებს ეხება, მაგრამ წესით არ უნდა დაგვჭირდეს. არ დაგვჭირდა იმ ყველაზე რთულ მონაკვეთში და ახლა მით უმეტეს არ დაგვჭირდება, როცა ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული გზავნილი, რომლის მიხედვითაც რაღაც ისეთი იყო გადასაცემი ან საპასუხო, რომ ინფორმაცია გვქონდეს, არ ვიცი. მე კითხვა მაქვს რიტორიკული, ან თუნდაც არარიტორიკული- ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალურად უნდა გადაეცათ ისეთი კითხვა ან გზავნილი, რომელიც ვთქვათ, არ გამომდინარეობდა ტრამპის უაღრესად პოზიტიური მილოცვის წერილიდან? მაშინ ეს უნდა თქვან.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.