fbpx

მაკა ბოჭორიშვილი: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა ევროკავშირის ბევრ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის გამოყენება მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონულ შეკრებაში იღებს მონაწილეობას. ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს პლატფორმა და მასში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„​ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, მნიშვნელოვანია ამ პლატფორმის გამოყენება საქართველოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. საქართველო არც ისე დიდი ხანია არის ამ ორგანიზაციის წევრი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ის აერთიანებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას და, პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ეს პლატფორმა გამოყენებული იქნას ჩვენს კოლეგებთან მაქსიმალური კონტაქტისა და საქართველოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებისათვის, ვინაიდან ვიცით, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, უმეტესწილად, პარლამენტებში ხდება პოლიტიკის ფორმირება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში პარლამენტარების პოზიციებს სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასამბლეაზე ევროპისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილება.

„რა თქმა უნდა, ევროპის მთავარი სატკივარი ჯერ კიდევ არის უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა ევროპაზე. ამ კონტექსტშიც იქნება მსჯელობა ამ ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს სათქმელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს უკრაინის მიმართ განხორციელებული და ხშირად ხდება ხოლმე ამ მხარდაჭერის რაღაცნაირად უგულებელყოფა ჩვენივე ოპონენტების მხრიდან საქართველოში, რაც, შესაბამისად, გავლენას ახდენს ხოლმე ადამიანების მოსაზრებებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ კონტექსტშიც გამოვიყენოთ ეს პლატფორმა, ვაჩვენოთ ჩვენს კოლეგებს, თუ რა მხარდაჭერით სარგებლობს უკრაინა საქართველოს მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ ქართული მხარე ამ ვიზიტს საბერძნეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებისთვის გამოიყენებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება