fbpx

მაკა ბოჭორიშვილი: უმჯობესი იქნება, თუ ყველა საქმიდან გამომდინარე გავაკრიტიკებთ ერთმანეთს. არ მომწონს, როდესაც პიროვნული საკითხების წამოწევა ხდება

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი „ქრონიკაში“ პარლამენტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ალბათ უმჯობესი იქნება კომენტარები, რეპლიკები თუ რასაც ვაჟღერებთ, არ იყოს პერსონალური, რაც არცერთი მხრიდან არ მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ის ფორმა, რომელიც პოლიტიკურ დებატს თან უნდა გასდევდეს მაშინ, როდესაც თავისუფლად შეიძლება, საქმიდან გამომდინარე ვაკრიტიკოთ ერთმანეთი. ნამდვილად არ მომწონს ოპოზიციის რიგებიდან აქტიური შეტევები ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, მამაკაცი იქნება, თუ ქალბატონი, როდესაც ხდება პიროვნული საკითხების წამოწევა. უმჯობესი იქნება, თუ ყველა საქმიდან გამომდინარე გავაკრიტიკებთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. გარდა ამისა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო ალუდა ღუდუშაურსა და ანა წითლიძეს შორისაც. წითლიძემ ღუდუშაურს „დებილი”, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კი პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს „ბანძი“ უწოდა: „შენ ხარ ბანძი ადამიანი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ“, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

მოგვიანებით, პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი შეფასებები თეონა აქუბარდიას მისამართით ემოციურად გადაჭარბებული იყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება