fbpx

კულტურის მინისტრის მოადგილე უსინათლოთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

13 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით მსოფლიოში უსინათლოთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: უსინათლოთა კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი ,,ელიო“ და ვაჟთა ანსამბლი ,,კრწანისი“, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი სულხან გველესიანი, რამინ მიქაბერიძე, ტრიო „სიმი“, დათო კენჭიაშვილი და ჯგუფი „ექსპერიმენტი“, ლელა წურწუმია, აჩიკო ბერიძე. გაიმართა უსინათლოთა კულტურის ცენტრის საქმიანობის პრეზენტაციაც.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადილე კობა ხუბუნაია დაესწრო.

უსინათლოთა საერთაშორისო დღე მსოფლიოში 1984 წლიდან აღინიშნება და უკავშირდება ცნობილი ფრანგი ტიფლოპედაგოგის, ვალენტინ ჰაიუს, დაბადების დღეს. საქართველოში ამ დღეს 2010 წლიდან აღნიშნავენ, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა შევახსენოთ ერთმანეთს, რომ შშმ პირები ჩვენი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან, მათ აქვთ უნარი, იყვნენ კონკურენტუნარიანნი, დასაქმდნენ, მიიღონ სათანადო განათლება, რისთვისაც ამ თემს სჭირდება თანაბარუფლებიანი, ადაპტური გარემო პირობების შექმნა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოველწლიურად სხვადასხვა პროექტით აქტიურად უჭერს მხარს და აფინანსებს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრს და ხელს უწყობს მათი საქმიანობის პოპულარიზაციას. გარდა ამისა, წელს, კულტურის სამინისტროს კონკურსის – ,,ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – ფარგლებში გამოიცა ,,ვეფხისტყაოსანი“ ბრაილის შრიფტით 1966 წელს გამოცემული ნიმუშის მიხედვით და ამ წიგნის მხოლოდ ორი ეგზემპლარია შემორჩენილი. ,,ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება