fbpx

კოჯორში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა

დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე, სადაც მიმდინარე წლის ივნისში
მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, ასფალტის
საფარი დაიგო და ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. აღნიშნულ
მისამართზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც დასრულებულია.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა
კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

„დაბა კოჯორში, იუნკერთა ქუჩაზე გზის ერთი ნახევარი მთლიანად
ჩამონგრეული იყო და ავტომობილებისთვის ორმხრივად
გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა. ივლისში კონტრაქტორ
კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და ფერდის აღდგენის
სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ფერდი მთლიანად
გამაგრდა. საგზაო სამუშაოები დასრულებულია და გადაადგილება
ორმხრივადაა შესაძლებელი. ყველა ღონისძიება გატარდა იმისთვის,
რომ სამომავლოდ ამ კონკრეტულ გზას პრობლემები არ შეექმნას და
უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა კახა
კალაძემ.
იუნკერთა ქუჩაზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის
განვითარების საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების მიზნით, ყველა
გადაუდებელი სამუშაოს განხორციელება ოპერატიულად დაიწყო.
სპეციალისტების კვლევის საფუძველზე, ფერდის გამაგრების
სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო
ვერტიკალური და ჰორიზონტალური ანკერები, აშენდა რკინაბეტონის
კედელი, გაბიონები და სავალ ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება