fbpx

კონსერვატორიამ კულტურის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიხმო

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ 2023 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიხმო.

კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბულიამ (თავად რექტორი, ქალბატონი ნანა შარიქაძე, ხანგრძლივი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადებით მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ კონსერვატორიის შუამდგომლობები მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანების შეჩერების შესახებ არ დააკმაყოფილა და კონსერვატორიას მაინც მოუწია, ემუშავა ბრძანებაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრაზე. სასამართლომ 2023 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დააკმაყოფილა სარჩელის გახმობის შესახებ განცხადება.

როგორც ცნობილია, 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ

თბილისის საქალაქო სასამართლოს კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. სარჩელის ხელმომწერია კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბულია. ზემოაღნიშნული სარჩელით კონსერვატორიამ მოითხოვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობა. ასევე, კონსერვატორიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობებით და მოითხოვა აღნიშნულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანების მოქმედების შეჩერება და სამინისტროსთვის ისეთი მოქმედებების აკრძალვა, რომლებიც დაუკავშირდება კონსერვატორიის რექტორის არჩევნებს, კონსერვატორიის მმართველი ორგანოების დაკომპლექტებასა და მათ უფლებამოსილებაში ჩარევას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა კონსერვატორიის შუამდგომლობები.

შეგახსენებთ: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2023 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით გაუქმდა სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის დადგენილება კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების შესახებ. ამავე ბრძანებით კონსერვატორიას დაევალა სათანადო ღონისძიებების განხორციელება კონსერვატორიის წესდების, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დებულების, სტატუსის, მართვისა და ფუნქციონირების, აკადემიური საბჭოს შემადგენლობის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და რექტორის არჩევნების გამოცხადება აღნიშნულის შემდეგ.

21 ოქტომბერს კონსერვატორიის მოქმედ რექტორს ეწურება უფლებამოსილების ვადა და დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მინისტრის ბრძანებით კონსერვატორიას ხუთი სამუშაო დღე განესაზღვრა.

2023 წლის 29 სექტემბერს კულტურის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის, იოსებ ბაღათურიას, ხელმძღვანელობით, ამ პროცესში კონსერვატორიისათვის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს წევრებისა და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კულტურის სამინისტრო და კონსერვატორია მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ კონსერვატორიის შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რაც მხოლოდ კონსერვატორიის საუკეთესო ინტერესებით იქნებოდა ნაკარნახევი. ამავე შეხვედრაზე კონსერვატორიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ხუთი სამუშაო დღე არ იყო მათთვის საკმარისი იმისათვის, რომ სამართლებრივი დოკუმენტები შეემუშავებინათ და მოითხოვეს დამატებითი ვადა, რაზეც შეხვედრაზევე მიიღეს სამინისტროს თანხმობა. მოგვიანებით, სამინისტროსა და კონსერვატორიას შორის აქტიური კომუნიკაციის შედეგად, დოკუმენტაციის მოწესრიგების საბოლოო ვადად განისაზღვრა 10 ოქტომბერი.

თუმცა, 2023 წლის 9 ოქტომბერს სამინისტროში შემოსული სასამართლო შეტყობინებებით გაირკვა, რომ 2023 წლის 2 ოქტომბერს კონსერვატორიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით, რომელსაც ხელს აწერს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბულია (კონსერვატორიის რექტორი კონსერვატორიისათვის ესოდენ მნიშვნელოვან დროს ხანგრძლივ მივლინებაში იმყოფებოდა).

როგორც ჩანს, სამინისტროში 29 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე კონსერვატორიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აირჩია მოჩვენებითი თანამშრომლობის გზა დროის მოგების მიზნით, იმ იმედით, რომ საქალაქო სასამართლო მინისტრის ბრძანების მოქმედებას შეაჩერებდა და რექტორის არჩევნები ჩატარდებოდა არაერთი სამართლებრივი ხარვეზით, როგორც მოხდა წარსულში, კერძოდ, 2019 წელს.

ამჟამად, მინისტრის 25 სექტემბრის ბრძანება რჩება ძალაში და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ კონსერვატორია სათანადო სამართლებრივ დოკუმენტაციას არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება