კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება

🔴

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

🔴

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტში, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანთა დასაქმებისა და გადამზადების სამსახურის (VETS) ხელმძღვანელი და აშშ-ს შრომის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯერემი ვორქმენი, მისი მოადგილე ენდრიუ აუერბახი, ვეტერანთა შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარშალ აშერი, ეროვნული პროგრამების დირექტორი აივან დენტონი, აშშ-ის შრომის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები და ამერიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე, ოთარ გრიგოლია.

🔴

შეხვედრაზე კობა კობალაძემ ამერიკულ მხარეს საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები გააცნო, რომლებიც ქართველი ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერას ემსახურება.

🔴

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვეტერანთა დასაქმების მიმართულებით ამერიკული მხარის, გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარებას, ასევე, ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამების განვითარებას, სამხედრო სამსახურის შემდეგ ვეტერანების სამოქალაქო საზოგადოებაში ეფექტიან ინტეგრაციას, აგრარულ და საგანმანათლებლო სექტორებში ვეტერანების ჩართულობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

🔴

თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემ მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს გაუზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას და მოამზადებს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულ მიმართულებებზე მუშაობა უფრო ეფექტურად და შედეგიანად.

🔴

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის შეხვედრები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გრძელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება