fbpx

კახა კალაძე: ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით

„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას – აქვთ თუ არა სპორტსმენებს უფლება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირონ. „ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ: ისინი შეიძლება სამსახურიდან გაეგდოთ, შეიძლება ფეხბურთიდანაც კი ჩამოეშორებინათ, შეიძლება სხვადასხვა მძიმე რამ გაეკეთებინათ მათი ოჯახის წევრებისთვის – ვიღაცა დაეჭირათ, ვიღაცისთვის რაღაცა ჩაედოთ ეს დრო ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“, – ამბობს კახა კალაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში ჩართონ, თუმცა ეს არ გამოუვათ. „ესენი ძირითადად არიან რადიკალური ჯგუფები, ყველა ვიცით, ვინ არიან, რას წარმოადგენენ. ერთი პატრონი ყავთ და ერთი ფრთის ქვეშ არიან ისინი. ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში სიმშვიდეს, გამარჯვებას, განვითარებას, წინსვლას, თუმცა არც ერთ მტერს არ გამოუვა არაფერი, ქვეყანა განვითარდება, იქნება სიმშვიდე, არანაირი მეორე ფრონტი. როინ ქოჩორაშვილის აღნიშნულ სტატუსთან დაკავშირებით დღეს გავაკეთე განმარტება და მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არიან დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ ფეხბურთი, სპორტი, ჩვენი სპორტსმენები როგორმე პოლიტიკაში შემოიყვანონ, თუნდაც განცხადებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა. „მინდა, ბიჭებს გამარჯვებები ვუსურვო. წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან ღირსეულად გამოვალთ, ვიასპარეზებთ და ყველას ვაჩვენებთ, რომ საქართველო იქ შემთხვევით არ მოხვედრილა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება