fbpx

კახა კალაძე – მომდევნო წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საკუთარი ეზოს გამწვანებას შეძლებენ


კახა კალაძე – მომდევნო წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საკუთარი ეზოს გამწვანებას შეძლებენ

შიდაკვარტალური და საუბნო გამწვანების განვითარებისთვის, მომდევნო წლიდან, შესაძლებელი გახდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ საკუთარის ეზოს გამწვანება. ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა. 

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პროგრამა „გაამწვანე შენი უბანი“  მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება და ხელს შეუწყობს, როგორც მწვანე სივრცეების გაზრდას უბნებში, ასევე,  გარემოს დაცვის მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას.

„პროგრამის „გაამწვანე შენი უბანი“ მიხედვით დამატებით გამწვანდება ყველა ეზო. ეს არის ახალი საინტერესო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ უბნებსა და ეზოებში მცხოვრებ ადამიანებს თავად ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ეზოების გამწვანების, განახლების და ისინი ჩვენი მხრიდან წახალისებულები იქნებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ აღნიშნულ პროგრამაზე  საუბრისას განმარტა, კორპუსების ეზოების გამწვანების ინიციატივა თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოვიდა და მას მუნიციპალიტეტმა აქტიურად დაუჭირა მხარი.

„ეს პროგრამა გამომდინარეობს  იქიდან, რომ ძალიან ხშირია ადგილობრივი მოსახლეობისგან თხოცნა, რომ გამგეობამ ან მუნიციპალიტეტმა ნერგები აჩუქოს ან დაურგოს. ჩვენ მოვიფიქრეთ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. მუნიციპალიტეტისგან  იქნება გამოყოფილი გარკვეული თანხები. მუნიციპალიტეტი შეიძენს გარკვეულ ნარგავებს და შემდეგ უკვე ამხანაგობა აიღებს თავის თავზე  გამწვანების სამუშაოების ჩატარებას. შეიქმნება ფორმალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მინიმუმ 100 000 ნარგავის დარგვას შევძლებთ უბნებსა და ეზოებში. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროგრამა წარმატებული იქნება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციისას, მწვანე ქალაქის შექმნის მიზნით დაგეგმილ პროექტებს  შორის  მერობის კანდიდატმა  ფონდ „ქართუ“-სთან ერთად  300 ჰა დეგრადირებული ტყის აღდგენაც  დაასახელა და „ქართუს“  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მწვანე ქალაქის შექმნის მიზნით, დედაქალაქში დაირგვება, მინიმუმ, 300 000 ნარგავი. პარალელურად, მიმდინარეობს ფიჭვების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს  ჩვენი ქალაქისთვის. ფიჭვების დიდი ნაწილი დაავადებული და გადამხმარია. თბილისის ტყე გაშენდება 300 ჰა ფართობზე. მინდა, საქველმოქმედო ფონდს მადლობა გადავუხადო იმ აღდგენითი სამუშაოებისთვის, რასაც მთაწმინდის ფერდზე ახორციელებენ. ჩვენ თანამონაწილეები ვიქნებით ამ პროცესის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას თქმით,  დედაქალაქში ტყის მასივების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ  გენგეგმამ შემოიღო ტყის ზონა და ამით  შეაჩერა  ტყის  ხარჯზე მშენებლობების ადრე არსებული პრაქტიკა.

„მთაწმინდის    გარდა, სადაც ფონდი „ქართუ“ გამწვანების ღონისძიბებს ახორციელებს, ჩვენ სხვა პრობლემურ ფერდებზეც შევალთ   და ანალოგიურ სამუშაოებს ჩავატარებთ. ეს იქნება თბილისის ზღვის ფერდები, მახათას მთის ფერდი, ასევე ნუცუბიძის და ჯიქიას ფერდები. ჯამში 300 ჰა ტყე იქნება გაშენებული დამატებით.  გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, არცერთი ეზო და კვარტალი არ იყოს სკვერის გარეშე და ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება 1000-ზე მეტი სკვერის მოწყობა გვაქვს დაგეგმილი. ასევე, საპილოტედ დავიწყეთ ბეტონის კუნძულების გადაკეთება საპილოტე კუნძულებად. მინიმუმ, 12 000 კვ მ. ფართობზე მოვაწყობთ  დამატებით კუნძულებს. რაც მთავარია, ჩვენ 4 წელიწადში არ გვექნება დაავადებული ფიჭვების პრობლემა და აქტიურად დავიწყებთ ამ ხე-მცენარეების ჩანაცვლებას”, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება