fbpx

კახა კალაძე და ლევან ჯაფარიძე ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობისა და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ზემო და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც კახა კალაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია მხარი დაუჭირონ ლევან ჯაფარიძის კანდიდატურას, რადგან ის არის იმ გუნდის წევრი, რომელსაც დედაქალაქში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია.

„დღეს, ქალაქის წინაშე ბევრი პრობლემა დგას. ჩვენ კი ის გუნდი ვართ, ვისაც ამ ყველაფრის მოგვარება რეალურად შეუძლია. ამის თქმის უფლებას მაძლევს უკვე განხორციელებული პროექტები. უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა, თანხები მობილიზებული, თუმცა ბოლო ორი წელი პანდემიას ვებრძვით. ეს თანხები სოციალურ მიმართულებებზე გადავანაწილეთ. მაგრამ ამ რთული ვითარებიდან გამარჯვებულები გამოვალთ. მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, ეს შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ და ამას ყველა დაინახავთ.

ჩვენ გვინდა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში – მეტი სკვერი, მეტი მწვანე სივრცე, მეტი დასასვენებელი ადგილი ჩვენი შვილებისთვის, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საარჩევნო შეხვედრის ფარგლებში, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რაიონის მასშტაბით, თითქმის ყველა კორპუსის წინ უკვე მოწყობილია სკვერი. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ასევე, გაგრძელდება მუშაობა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.

„ჩვენ კრწანისში ელემენტარული საჭიროებები მოვაგვარეთ და ახლა უკვე სხვა საკითხებზე საუბარი გვიწევს. მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა, განათებები – ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რაც ჩვენს რაიონს აქვს. ბევრი რამ გავაკეთეთ ამ მიმართულებით და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. უკვე მონიშნული გვაქვს ადგილები, სადაც რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა. არ არსებობს კორპუსი, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არაა შესული და ყველგან შესაბამისი საჭირო პროექტები მიმდინარეობს. მხოლოდ ერთი კორპუსი დაგვრჩა, რომლის მიმდებარედაც არაა სკვერი და იქაც უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

შეხვედრები ზემო ფონიჭალაში, კორპუსი N9-ის მიმდებარედ გაიმართა. აღნიშნულ მისამართზე რეკრეაციულ სივრცე 12 000 კვ.მ-ზე ეწყობა, სადაც განთავსდება: საკონცერტო კუთხე, ამფითეატრი, საბავშვო და დასასვენებელი ზონები ატრაქციონებით, სკეიტ პარკი, შინაური ცხოველების დასასვენებელი ზონები, ხე-მცენარეების ხეივნები, ველობილიკი. ასევე,  შადრევანი, სამკითხველო ზონები და სავარჯიშო სივრცეც მოეწყობა. ტერიტორია შშმ პირთათვის ადაპტირდება და დამონტაჟდება პანდუსები. სკვერში განთავსდება ლამპიონები და სანათები მხატვრულ განათებასთან ერთად. აღნიშნული ტერიტორია გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება.

რაც შეეხება ქვემო ფონიჭალას, სადაც ასევე დღეს იმყოფებოდნენ თბილისის მერობისა და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები,  სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 4 000 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. გარდა ამისა, განთავსდა საბავშვო ზონები ატრაქციონებით და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო.

ზემო და ქვემო ფონიჭალაში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებზე კახა კალაძესთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარიაც იმყოფებოდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება